გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე ხუთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

18-09-2024

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების თაობაზე.


როგორც მიმდინარე წლის 6 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქართველოს პროკურატურა ევროპელი კოლეგების ჩართულობით აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალურ დანაშაულზე გამოძიებას, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მიერ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს დაუფლებასა და შემდგომში გათეთრებაში ჩართული პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.


„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე ეხება შპს ,,მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე შექმნილ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც 2019-2021 წლებში თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს, რის შემდეგაც აღნიშნული თანხების ლეგალიზება განახორციელეს, მათ შორის „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.


ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრის არაოფიციალურ მეწილეებს და ფაქტობრივ მფლობელებს სხვა პირებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა წარმოადგენდნენ. ხსენებული პირები უშუალოდ უძღვებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას, ანაწილებდნენ ფუნქციებს ჯგუფის სხვა წევრებს შორის და იღებდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც აუცილებელი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობისთვის. ვინაიდან აღნიშნულ პირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვებული აქვთ, მათ მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით დაუყონებლივ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.


გამოძიების მიერ ასევე იდენტიფიცირებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი - უსაფრთხოებისა და გერმანულ-ინგლისურენოვანი მიმართულების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დღეს, თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დავაკავეთ.


დადგენილია, რომ სამივე დაკავებული უშუალოდ უძღვებოდა და აკონტროლებდა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების დანაშაულებრივ საქმიანობას, მათ შორის ანაწილებდნენ როლებს და უქმნიდნენ მათ სათანადო პირობებს დანაშაულებრივი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის. თავის მხრივ სპეციალურად შერჩეული უცხო ენის მცოდნე პირები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებაზე, დაზარალებულებისგან მიღებულ აქტივებს კი რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.


პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ასევე 7 პირის, მათ შორის 1 იურიდიული პირის მიმართ.


საქართველოს პროკურატურამ ბოლო წლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 94 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა აღემატება - 30 მილიონ ლარს. ასევე, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებს, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ლარს აღემატება.


დასასრულს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო საზოგადოებას, არსებობის შემთხვევაში, დაუყონებლივ მოგვაწოდონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია თაღლითური ქოლ-ცენტრების შესაძლო ფუნქციონირების შესახებ, როგორც ცხელი ხაზის - 2 405 222, ასევე საქართველოს პროკურატურის Facebook-ის, ვებ-გვერდის ან მათთვის ხელსაყრელი ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით, რათა საზოგადოების ჩართულობით უფრო მეტად ეფექტიანი გახდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენა და მათ მიმართ სათანადო სამართლებრივი ზომების გატარება“ –აცხადებენ პროკურატურაში.