20-09-2024
გავლენიანი ბრიტანული გამოცემები: Independent, Daily Mail,business Traveller, Travelradar დაEuronews დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას ეხმაურებიან.
„დიდი ბრიტანეთის უდიდესი დაბალ ბიუჯეტური ავია კომპანია EasyJet ლუტონის აეროპორტიდან თბილისისკენ რეისებს აპრილიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს. პირდაპირი ფრენის მანძილი 2,223 მილია და 5 საათი და 40 წუთი დასჭირდება“,-წერს ავიაციის ანალიტიკოსი სენ მოლტონი.
„EasyJet-ის ქსელისთვის ახალი ქალაქი და ახალი ქვეყანაა. თბილისი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და ბოლო ცნობილი ევროპული ქალაქი, სადაც კოვიდ პანდემიის შემდეგ, ბოლო წლებში პირდაპირი ფრენები ლონდონიდან არ შესრულებულა. თუმცა მალე EasyJet კვირაში ორი სიხშირით იფრენს საქართველოს მიმართულებით, ეს ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას დიდ ბრიტანეთსა და კავკასიას შორის.
EasyJet-ით თბილისიდან "თვითდაკავშირება" მოხდება ასტანასთან ყაზახეთში, ტაშკენტთან უზბეკეთში და ურუმჩისთან ჩინეთში“,-წერს მოლტონი.
გამოცემის ინფორმაციით, კოვიდ პანდემიამდე ავიაკომპანია Wizz Air ლუტონსა და ქუთაისს შორის ასრულებდა ავია რეისებს. როგორც სენ მოლტონი აღნიშნავს, EasyJet-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება მისმა კონკურენტმა საპასუხო ნაბიჯი გადადგას, რადგან Wizz Airსწორედ ლუტონის აეროპორტშია ბაზირებული.
საქართველოს ავია ბაზარზე British Airways-ისა და EasyJet-ის შემოსვლას ეხმაურება Daily Mail.
„EasyJet-მა და British Airways-მა ახალი ავიარეისების დანიშვნა გამოაცხადეს საქართველოს ლამაზი დედაქალაქის მიმართულებით. როგორც EasyJet-ის განცხადებაშია ნათქვამი საქართველო ცნობილია ისტორიით, კულტურითა და ბუნების სილამაზით, ულამაზესი ძველი თბილისით, ხელოვნების ცოცხალი სცენებითა და გოგირდის აბანოებით. მოგზაურებს შანსი აქვთ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები და ღვინო. საქართველო სიამაყით აცხადებს, რომ ღვინის სამშობლოა, ღვინის მომზადების 8 ათასწლოვანი ისტორიით“,-წერს Daily Mail-ის მოგზაური ჟურნალისტი სოფი ფოსტერი.
გამოცემის ინფორმაციით, British Airways თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან 2025 წლის 30 მარტიდან, კვირაში ოთხჯერ შეასრულებს ფრენებს. EasyJet კი ლუთონის აეროპორტიდან თბილისისკენ პირველი აპრილიდან იფრენს.
Euronews-ის ინფორმაციით ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ავიარესის დანიშვნით მგზავრობა დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 8-დან 5 საათამდე მცირდება.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ დიდი ბრიტანეთის ავიაციის ფლაგმანმა British Airways-მა ქართულ ბაზარზე შემოსვლა გადაწყვიტა. ეს ჩვენი ქვეყნისთვისმნიშვნელოვანი აღიარებაა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას დიდი ბრიტანეთის ბაზარზე და გააუმჯობესებს კავშირებს აშშ-სთან, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია“,-აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი Euronews-თან.