23-09-2024
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის სახელით მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ინიციატივით მიმდინარე „მომავლის სამიტში“. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილი სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა ინტერაქტიურ დიალოგში გლობალური მმართველობითი ინსტიტუტების გაუმჯობესების და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან და ასევე ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება.
მან აღნიშნა ხელისუფლების ძალისხმევა, ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის გლობალური სატრანსპორტო პროექტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით და ამ მხრივ გამოთქვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.
„მომავლის სამიტი“ გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის ეგიდით იმართება. სამიტს წინ უძღოდა ანტონიო გუტერეშის 2021 წლის ანგარიში „ჩვენი საერთო დღის წესრიგი“ , სადაც გენერალურმა მდივანმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავების და გლობალური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, წევრ სახელმწიფოებს „მომავლის სამიტის“ ჩატარებისკენ მოუწოდა. ღონისძიებას გაეროს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. „მომავლის სამიტი“ რამდენიმე დღე გასტანს. სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს.