გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჯაბა სამუშია პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდა

23-09-2024

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი, 2024 -2025 სასწავლო წელი დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხულ 6200-მდე პირველსემესტრელ სტუდენტთან შეხვედრები გამართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.


პირველსემესტრელებთან შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ფაკულტეტების დეკანებთან და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტუდენტებს საუნივერსიტეტო პროექტებსა და სერვისებზე დეტალური ინფორმაცია გააცნო.


„მინდა ყველა სტუდენტს მივულოცო სწავლის დაწყება. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავინდებურად ლიდერია ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, წელს 6 200 პირველსემესტრელი მივიღეთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ახალგაზრდებს შესთავაზებს იმ თანამედროვე სწავლის ფორმატსა და სერვისებს, რაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებშია. უნივერსიტეტის თითოეული პროფესორ-მასწავლებელი მოწოდებულია, რომ ჩვენს სტუდენტებს თანამედროვე ევროპული განათლება მისცეს. უნივერსიტეტში ბევრი რამ გაკეთდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, იგეგმება ახალი სახელმძღვანელოების შექმნა, ახალი სამეცნიერო ჟურნალების გამოცემა, ახალი სამეცნიერო პროექტების განხორციელება და იმედია, ის პირველკურსელები, რომლებიც წელს ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში, აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტებში“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალქულიან პირველსემესტრელ სტუდენტებს სიგელები გადასცა.


“ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, თსუ-ს უმაღლესი შეფასებით, სრული და უპირობო 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო.


სამივე საფეხურის 26 ათასამდე სტუდენტსა და 3 ათასამდე პროფესორ-მასწავლებელს თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება: სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში მე-3 სასწავლო კორპუსის შიდა ეზოში მოეწყო სოციალური სივრცე; შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა მე-5 კორპუსში; მე-10 (მაღლივ) კორპუსში მიმდინარეობს ცენტრალური კიბის რეაბილიტაცია; თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში მოწესრიგდება გათბობის ცენტრალური სისტემა; თსუ პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებს განახლებული კვების ობიექტი - თსუ კაფეტერია დახვდებათ“ - აცხადებენ თსუ–ში.