24-09-2024
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ტყეების პათოლოგიური მდგომარეობისა და ტყის მართვის ორგანოების მიერ შემუშავებული რეაგირების მეთოდები განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების დროულად დასაგეგმად და განსახორციელებლად.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის ტერიტორიაზე გავრცელებული მავნებელ-დაავადებების მართვის, ასევე, დაცულ ტერიტორიებსა და აჭარის ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობების პათოლოგიური მდგომარეობებიც. საუბარი შეეხო წაბლის და მუხის ახალი მავნებლების (წაბლის მეგალე და მუხის ბაღლინჯო) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალების შემუშავების მნიშვნელობის საკითხს.
შეხვედრას, სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის სატყეო სააგენტოს და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები, ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, მკვლევრები, მეცნიერები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.