25-09-2024
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ნარჩენების მართვის, ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის შემცირების და მწვანე ეკონომიკის დანერგვის საკითხებზე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ონფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) ფარგლებში გაწერილი ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილეს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანას არაერთი პოლიტიკური დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, ახლა მნიშვნელოვანი მათი განხორციელებაა და სწორედ ამ ნაწილში სჭირდება ქვეყანას გაეროს სხვადასხვა ინსტიტუციის მხარდაჭერა.
„ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის და პლასტიკის გამოყენების შემცირების მიმართულებით შედეგების მისაღებად, უპირველეს ყოვლისა, უმნიშვნელოვანესი საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებაა, ამისთვის კერძო სექტორთან და ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, დონორი ორგანიზაციების ჩართულობა აუცილებელია“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
ორმხრივ შეხვედრაზე ნარჩენების მართვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის დაწყებაზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის სურსათის და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ნარჩენების მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვახორციელოთ ის პროექტები, რომელიც ქვეყნის პრიორიტეტია და საქართველოს საჭიროებებზე იქნება მორგებული. გარემოს დაცვის, კერძოდ ნარჩენების მართვის მიმართულებით შეგვიძლია ევროპული საუკეთესო პრაქტიკა გაგიზიაროთ“, - განაცხადა დაგლას უებმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების შემცირების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, გარემოსდაცვითი მონიტორინგის და ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ.