28-10-2018
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის 38-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავრცელებს.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ამომრჩეველმა უბანზე ხმის მიცემა სხვისი პირადობის მოწმობით სცადა, ამ ფაქტის მიუხედავად, კომისიის წევრმა იმავე პირს სხვისი ამომრჩევლის სახელი და გვარის გრაფაში ხელი მაინც მოაწერინა. ნაციონალებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და საჩივარი დაწერეს.
თელავის მე-17 საოლქო კომისიის თავმჯდომარე სხვისი პირადობით ხმის მიცემის ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა გიორგი კალმახელიძე განმარტავს, რომ პირს საარჩევნო უბანი შეეშალა, რეგისტრატორმა კი მას ხელი სხვა მოქალაქის გრაფაში მოაწერინა.
"ამ ფაქტის მიუხედავად, აღნიშნულ ამომრჩეველზე ბიულეტენი არ გაცემულა, თუმცა რეგისტრატორს სიტყვიერი გაფრთიხელბა საარჩევნო უბნის თავმჯდომარისგან მიეცა. "- განაცხადა კალმახელიძემ.
მომხდარს სალომე ზურაბიშვილის თელავის შტაბის ხელმძღვანელი ბენო გეგეჭკორი გამოეხმაურა და მომხდარს პროვოკაცია უწოდა.
" არ არსებობს ამ განცხადების სააფუძველი. მე მესმის, რომ მათი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში შეგნებულად დაძაბონ სიტუაცია მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო მეტი მშვიდობა, მეტი გაერთიანება და მეტი ევროპა."- თქვა ბენო გეგეჭკორმა.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია.
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.
2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.