27-09-2024
ამ ბანერებით ხალხს კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს, რითაც გვემუქრებიან დღესაც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მეორე ფრონტი თავიდან ავაცილოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი.
„რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. ქართველ ხალხს უნდა შევახსენოთ, რა არის ომის ფასი და რა არის მშვიდობის ფასი. ხალხს კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს, რითაც გვემუქრებიან დღესაც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მეორე ფრონტი თავიდან ავაცილოთ. გახსოვთ, უკრაინის მაღალჩინოსნები, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივნის, უმაღლესი თანამდებობის პირის, პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. პოდოლიაკმა და დანილოვმა პირდაპირ მოგვიწოდეს მეორე ფრონტისკენ, ახლა რომ იღუპებიან უკრაინელი ქალები და ბავშვები, უნდა შეგვეხიდონ ამაში მოლდოველები და ქართველებიო, ეს იყო დანილოვის მოწოდება. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ამისკენ. 2022 წელს რუსეთი რატომ არ შემოვიდა საქართველოში, ამის ახსნა გაქვთ? ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო. რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რასაც გვიყენებდნენ, მათ შორის, არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რუსეთი იქნებოდა საქართველოში შემოსული 2022 წელს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.