გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილე ტურიზმის მინისტრებთან შეხვედრები გამართა

27-09-2024

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სხვადასხვა ქვეყნების ტურიზმის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით იმართება.


შეხვედრებს ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.


მალაიზიის ტურიზმის, ხელოვნებისა და კულტურის მინისტრ დათო სრი ტიონგ კინგ სინგთან შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი გაცილებით დიდია. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად ტურიზმი დასახელდა - 2023 წელს მალაიზიიდან საქართველოს 146 პროცენტით მეტი ვიზიტორი ეწვია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს დინამიკა 2024 წლის პირველ ნახევარში გაგრძელდა - ზრდამ წინა წელთან შედარებით 40 პროცენტი შეადგინა.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ვაჭრობის, ინვესტიციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, აგრეთვე საზღვაო ტრანსპორტის სექტორებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში.


შეხვედრის დასასრულს მალაიზიის ტურიზმის, ხელოვნებისა და კულტურის მინისტრმა ლევან დავითაშვილი მომავალ წელს მალაიზიაში მიიწვია, სადაც ტურიზმის მსოფლიო დღე 2025 გაიმართება. თბილისის ღონისძიებაზე ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მალაიზიამ ოფიციალურად გადაიბარა.


დღესვე, ღონისძიების ფარგლებში ლევან დავითაშვილი გვატემალის ტურიზმის მინისტრს ჰარის უიტბეკს შეხვდა. შეხვედრაზე მან მადლობა გადაუხადა გვატემალელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და შემდგომი განვითარების მიმართულებით. ამავე დროს, ითქვა, რომ საქართველო ასევე დაინტერესებულია ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში თანამშრომლობის განვითარებით.


მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში. დადებითად შეფასდა 2023 წლის მაისს, პუნტა კანაში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და გვატემალის ტურიზმის ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.