27-09-2024
„ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა საზოგადოებასთან გვაქვს. სწორედ ამიტომ გვინდა ინფორმირებულები იყვნენ, რომ არჩევნებში თავისუფალი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მან ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობასა და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების საკითხზე.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, როდესაც რადიკალური ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ოპონენტების განადგურება სურს, სინამდვილეში, ისინი ზუსტად ის ადამიანები არიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს განსხვავებულ აზრს დევნიდნენ და ოპონენტებს რეალურად ანადგურებდნენ.
„გამჭვირვალობის კანონი რადიკალების ლუსტრაციისთვის საუკეთესო საშუალება იყო. თქვენ ნახეთ, რამდენჯერ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ამ „ენჯეოების“ დამფინანსებელ გარე ძალას, დონორს, რომ რადგან თვითონ არასამთავრობოები არ ასაჯაროებდნენ საზოგადოებისთვის [ფინანსებს, თუ რისთვის იღებდნენ თანხებს და რაში ხარჯავდნენ მას], იქნებ ეს თავად დონორს გაეკეთებინა. თუმცა, იქიდანაც არანაირი პასუხი არ დაბრუნებულა. ჩვენ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, სადაც ამ სახელმწიფოში მოქმედი ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე უნდა იყვნენ. იგივე ეხებათ პოლიტიკურ პარტიებს.
[რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გასამართლების საკითხს], სტრასბურგის სასამართლოს აქვს დამტკიცებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი, ადამიანების წამების, ბიზნესის დატერორების და ა.შ. სახით.
შესაბამისად, დაგვიანებულიც კია მათი გასამართლების საკითხი, [არათუ უდროოა]. ამას საზოგადოება დიდი ხანი ელოდებოდა და სწორედ ამას დავპირდით. გასამართლებასა და განადგურებას შორის განსხვავებაა - ოპონენტებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ანადგურებდა, ვის რიგებშიც ხათუნა სამნიძე და მთელი რადიკალური ოპოზიცია იყო და ახლაც არიან. ანადგურებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, მედიასივრცეს, ბიზნესებს, პირდაპირ კლავდნენ ადამიანებს ქუჩაში, პატიმრებს აწამებდნენ და ა.შ. ახლა კი სწორედ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ თურმე ვინმეს განადგურება გვინდა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.