8-12-2017
რუსთავში, როგორც საკრებულოს ასევე მერიის შესაბამის თანამდებობის პირები პრემია-დანამატებისაღებისთვის, ხშირად კრიტიკის ობიექტები ხდებოდნენ. დღეს, უკვე ყოფილი გუნდიდან, რუსთავის ადგილობრივ ხელისუფლებაში მხოლოდ ერთეულები შემორჩნენ. ერთ-ერთი მათგანი რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძეა. ამჟამად ის ახალი საკრებულოს წევრია. თავისი გუნდის აღებულ პრემია-დანამატებზე და ხელფასებზე, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასთან, განაცხადა (13:46 წთ-დან): „შეგიძლიათ მოითხოვოთ 2014 წლის 14 ივლისამდე პრემია-დანამატების და ხელფასების აღების ინფორმაცია. მერე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 2014 წლიდან ზემოთ, ჩვენი მმართველობის პერიოდში და თქვენვე გააკეთეთ შეფასება“.
ფაქტ-მეტრმა, რუსთავის მუნიციპალიტეტიდან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის მონაცემებში, მერის და მოადგილეების აღებულ ხელფასებსა და პრემიებში იგულისხმება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მოქმედი მერის, ასევე 2013 წელს რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული „ქართული ოცნების“ კადრის, დავით ჯიქიას და მისი მოადგლეების ხელფასები და პრემიები. ასევე, 2014 წელს საკრებულოს თავმჯდომარისა და მის მოადგილეებზე გაცემულ ხელფასებსა და პრემიებში გაერთიანებულია 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსული საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების ხარჯებიც.
ცხრილი 1: რუსთავის მერზე, მის მოადგილეებზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე გაცემული ხელფასი (ივნისი, 2010 წელი – ნოემბერი, 2017 წელი)
თანამდებობა | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
მერი | 16 007 | 29 714 | 28 575 | 28 487 | 25 982 | 33 000 | 33 000 | 27 500 |
მოადგილეები | 14 829 | 42 492 | 48 368 | 74 202 | 64 047 | 50 716 | 52 179 | 44 500 |
საკრებულოს თავმჯდომარე | 17 360 | 29 760 | 30 171 | 33 065 | 31 922 | 33 000 | 33 000 | 27 500 |
მოადგილეები | 9 750 | 34 505 | 35 936 | 50 700 | 39 202 | 54 717 | 54 656 | 45 095 |
სულ | 57 946 | 136 471 | 143 050 | 186 454 | 161 153 | 171 433 | 172 835 | 144 595 |
ცხრილი 2: რუსთავის მერზე, მის მოადგილეებზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე გაცემული პრემია (ივნისი, 2010 წელი – ნოემბერი, 2017 წელი)
თანამდებობა | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
მერი | 16 319 | 29 295 | 24 315 | 15 000 | 27 500 | 11 000 | 8 250 | 2 750 |
მოადგილეები | 25 000 | 71 250 | 67 400 | 106 325 | 71 875 | 13 300 | 20 000 | 4 450 |
საკრებულოს თავმჯდომარე | 18 799 | 31 630 | 26 795 | 13 750 | 24 750 | 11 000 | 8 250 | 2 750 |
მოადგილეები | 11 500 | 47 150 | 46 550 | 21 751 | 58 575 | 18 000 | 18 000 | 4 500 |
სულ | 71 618 | 179 325 | 165 060 | 156 826 | 182 700 | 53 300 | 54 500 | 14 450 |
ცხრილი 3: რუსთავის მერზე, მის მოადგილეებზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე გაცემული სახელფასო დანამატი (ივნისი, 2010 წელი – ნოემბერი, 2017 წელი)
თანამდებობა | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
მერი | - | - | - | - | - | 17 600 | 26 400 | 22 000 |
მოადგილეები | - | - | - | - | - | 37 617 | 43 547 | 34 700 |
საკრებულოს თავმჯდომარე | - | - | - | - | - | 17 600 | 26 400 | 20 625 |
მოადგილეები | - | - | - | - | - | 25 650 | 37 575 | 34 650 |
სულ | – | - | - | - | - | 98 467 | 133 922 | 111 975 |
სახელფასო დანამატების გაცემა 2015 წლიდან დაიწყო, შესაბამისად, გასულ წლებში მსგავსი დანიშნულების ხარჯი ადგილობრივ ბიუჯეტებს არ ჰქონიათ. საერთო ჯამში კი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის, მოადგილეების, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების ხელფასები, პრემიები და დანამატები 2010-2017 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით ამგვარია:
ცხრილი 4: რუსთავის მერზე, მის მოადგილეებზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება (ივნისი, 2010 წელი – ნოემბერი, 2017 წელი)
თანამდებობა | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
მერი, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები | 129 564 | 315 796 | 308 110 | 343 280 | 343 853 | 323 200 | 361 257 | 271 020 |
იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წელს და 2014 წელს, რუსთავის ბიუჯეტის განკარგვაში მონაწილეობას იღებდა ორივე გუნდი, კითხვაზე პასუხისთვის – ვისი შენახვა დაუჯდა უფრო ძვირი რუსთავს 2011, 2012, 2015 და 2016 წლების მონაცემებს ვაანალიზებთ (ამასთან, 2010 წლის მონაცამებს არ ვიყენებთ, რადგან გვაქვს ამ წლის ხარჯები, მხოლოდ 1 ივნისიდან. ასევე არ ვადარებთ 2017 წლის მონაცემს, რადგან გვაქვს ინფორმაცია მხოლოდ 10 თვის მდგომარეობით და არა სრული ერთი წლის).
რუსთავის მერიის მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2015-2016 წლებში, როდესაც რუსთავს მართავდა „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის სახით წარმოადგენდა დავით მაღლაკელიძე (ამჟამად საკრებულოს წევრი), მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და მათი მოადგილეების ხელფასებსა და პრემია-დანამატებში 121 102 ლარით მეტი გაიცა, ვიდრე 2011-2012 წლებში.
წყარო: გაზეთი "ფაქტ-მეტრი"