გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახა კალაძე: სერგეი ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა პარალელურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა

30-09-2024

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ვრცლად ისაუბრა და პირდაპირ ვიტყვი, რომ ალტერნატივა არა აქვს იმას, რომ მოხდეს ურთიერთშერიგება. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ გავაანალიზოთ წარსული, ასევე შეცდომები რა გვაქვს დაშვებული, არ უნდა მოგვერიდოს ამის, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების თაობაზე.


მისივე თქმით, სერგეი ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა პარალელურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა.


„ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მეპატრონეებით ქმნიან და სურვილი აქვთ, რომ ამ რაღაც ბოროტებაში ვიყოთ ჩაფლული. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება და ხელს შეუწყობს იმას, რომ მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა პოზიტიურია, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა პარალელურად უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.


მაგალითისთვის, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია, დღეს არის რუსი სამხედროები განთავსებული და სამხედრო ბაზები, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებთან დაბრუნდეს რწმენა ერთმანეთის მიმართ და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთმიტევებით შესაძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას“.