გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჯემალ გამახარია: ვიცით აფხაზეთში საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფში რას ლაპარაკობენ და არავინ დიდ პროტესტს არ გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით, „ტრაგედია“ ელოდებათ

3-10-2024

„ლავროვის განცხადებაში არის ერთი პატარა დეტალი, რომელმაც შეიძლება ეს დოკუმენტი მოაქცია ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. რუსეთს არაერთხელ განუცხადებია არაერთ დონეზე, მათ შორის, პუტინმა 2015 წელს გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი ხელს არ შეუშლის თუ ერთად დასხდებიან საქართველო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი - რომლებიც მათ აღიარებული ჰყავთ და სახელმწიფოებად განიხილავენ ფორმალურად, თორემ ისინი არასოდეს თვლიდნენ მათ სახელმწიფოებად და არც დღეს თვლიან, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობაში აცხადებენ, რომ ესენი სახელმწიფოები არიან - და რასაც გადაწყვეტთ, მზად ვართ მივიღოთ. 2015 წელს იყო სრულიად განსხვავებული ვითარება და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, მაგრამ დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა უპირველეს ყოვლისა აფხაზეთში, ასევე მსოფლიოში, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, არსებულ ვითარებაში, ლავროვის მიერ იმის თქმა, რომ რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა სახეს და ფორმას მიიღებს საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეთანხმება, ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე, გამახარიამ განაცხადა, რომ ქართული მხარე დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით განსაკუთრებით აყენებს რუსეთის

საოკუპაციო ძალების გაყვანის საკითხს, ხოლო ამის შემდგომ აფხაზებსა და ოსებთან მოლაპარაკების პროცესის დაწყებას.


„ამ ვითარებაში იმის თქმა, ლავროვის მიერ, რა სახით და რა ფორმით მიაღწევენ შეთანხმებას [საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი] და რა სახეს და ფორმას მიიღებს, ამას ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა და ეს დამოკიდებულია ქართველებზე, აფხაზებზე და ოსებზე - ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ განცხადებიდან. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის ამ ორ ტერიტორიას ამ განცხადებაშიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, საუბრობს რაღაც თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელიც შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს, რასაც აფხაზები და ოსები დიდი ხანია ითხოვენ, მაგრამ ქართული მხარე ამაზე არ წასულა დღემდე და არც არასოდეს წავა, სანამ ეს ორი ტერიტორია იქნება ოკუპირებული. ქართული მხარე, დიდი ხანია, მაგრამ დღეს განსაკუთრებით, ამ განვითარებული მოვლენების ფონზე, აყენებს საკითხს, რომ ჯერ გაიყვანეთ თქვენი საოკუპაციო ძალები და შემდეგ, ჩვენ აფხაზებთან, ოსებთან რას მოვილაპარაკებთ, რა ხელშეკრულებას დავდებთ, ამას ეს მოლაპარაკება გვიჩვენებს, მაგრამ სანამ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, მანამდე მათთან მოლაპარაკებას რაიმე აზრი არ აქვს - ოკუპირებულ ტერიტორიას როგორ უნდა ელაპარაკო? მაგრამ, რუსულ მხარესთან ამ თავდაუსხმელობაზე, ძალის არგამოყენებაზე საუბარი - კი ბატონო, ეს შესაძლებელია, მაგრამ რუსული მხარე ამაზე არ მიდის, შესაბამისად, ეს არის მკვდარი საკითხი, რომელიც 2008 წლიდან დღემდე დგას და ასე გაგრძელდება, სანამ ეს ორი ტერიტორია იქნება ოკუპირებული.“ - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ. მანვე შეაფასა კონსტანტინ ზატულინის განცხადება, რომლის თანახმად, „რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს, მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას, ის რეგიონებიდან ჯარები არ გაიყვანს“. გამახარიას თქმით, ზატულინი 30 წელზე მეტია, ჩართულია აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებში და „რაც უბედურება დატრიალდა, ყოველივე ამაში მას დიდი წვლილი მიუძღვის.“ გამახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი, ადგურ არძინბა მიიჩნევს, რომ რუსეთი ემზადება საქართველოსთვის აფხაზეთის დასაბრუნებლად, თუმცა, ამ განცხადებებს აფხაზურ საზოგადოებაში დიდი პროტესტი არ გამოუწვევია. მისივე თქმით, პროცესები ბოლოს რა სახეს მიიღებს და როგორ განვითარდება, საქართველოზეც არის დამოკიდებული და თუ ყველაფერი ქართული მხარისთვის სასარგებლოდ განვითარდა, მხარეები ურთიერთმონანიებისთვის მზად უნდა იყვნენ.

'ზატულინი არის ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც 1991 წლიდან იყო აქტიურად ჩართული იმ პროცესებში, რაც აფხაზეთში განვითარდა, უკვე 30 წელზე მეტია ის აფხაზეთის თემით არის დაკავებული და რაც უბედურება დატრიალდა, ყოველივე ამაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. მაგრამ, როდესაც ლავროვისა და ზატულინის განცხადებებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ რუსულ საზოგადოებაში რა ხდება, აფხაზურ საზოგადოებაში რა ხდება. მაგალითად, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი გახლავთ ადგურ არძინბა, რომელიც ბჟანიასთან ერთად იყრიდა კენჭს, 35% მიიღო და წააგო, ახლა, მომავალ დე-ფაქტო არჩევნებშიც ალბათ იყრის კენჭს, რას იზამს არ ვიცი, მაგრამ რას ამბობს ეს ოპოზიციის ლიდერი, ადგურ არძინბა: „აფხაზები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს სრულად შემოიერთებს აფხაზეთს“, კიდევ რას ამბობს ეს პიროვნება - „რუსეთს სურს, დაუპირისპირდნენ აფხაზებს, იმისათვის, რომ დაუბრუნოს საქართველოს“, შემდეგ, იგივე არძინბა ამბობს, რომ რუსეთი ემზადება აფხაზეთის საქართველოსთვის დასაბრუნებლად. არძინბა ამას იმ კონტექსტში ამბობს, რომ აფხაზებს ეუბნება, აი, რა დიდი უბედურება გველოდებაო, ამიტომ არ უნდა მივიღოთ კანონი აპარტამენტების შესახებ, არც ინვესტიციების საკითხი უნდა განვიხილოთ და უნდა უარვყოთ, რადგან დიდი უბედურება ხდება ჩვენს თავს. მაგრამ, ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ბჟანიას არ აქვს იმდენი ინფორმაცია, რა ხდება აფხაზეთში, ჩვენ რომ გვაქვს. ყველაფერი ვიცით იქ რა ხდება, საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფში რას ლკაპარაკობენ. ყველაფერი ეს ჩვენთვის ცნობილია და არავინ დიდ პროტესტს არ გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ ასეთი „ტრაგედია“ ელოდებათ, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით, მე ასეთ პროტესტებს იქ ვერ ვხედავ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მზად არიან ხვალ ხმა მისცენ საქართველოსთან შემოერთებას და დათმონ ის ე.წ. დამოუკიდებლობა, რომელიც მათ გააჩნიათ, მაგრამ აქ ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე, პროცესი რომ არის დაძრული. მაგრამ ეს საით განვითარდება, რა სახეს მიიღებს ბოლოს, ჩვენზეც არის დამოკიდებული, დამოკიდებულია დიდწილად იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე. თუ ეს ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მაშინ მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის. არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ვიღაცას ბოდიში მოვუხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.