4-10-2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სევილიის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს პროფესორ ფრანცისკო ხავიერ პადილო რუიზს თსუ-ს საპატიო დოქტორის სიგელი გადასცა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, თსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით, პროფესორ ფრანცისკო ხავიერ პადილო რუიზს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ საპატიო დოქტორის წოდება არის ის უმაღლესი ჯილდო, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე საუკუნეზე მეტია ანიჭებს იმ პროფესორებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში, ისე უნივერსიტეტის საქმიანობის პოპულარიზაციაში.
„დღეს ეს ჯილდო გადაეცა საერთაშორისოდ აღიარებულ ქირურგს, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 15-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ვულოცავ მას ამ წოდებას და ვისურვებ, თსუ-სთან მისი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და გაუკვალოს გზა მომავალ თაობას“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროფესორ ფრანცისკო ხავიერ პადილო რუიზის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სევილიის უნივერსიტეტს, ასევე, სევილიის საუნივერსიტეტო კლინიკასა და თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები. ამასთან, განმარტავენ, რომ მისი ინიციატივით, ევროპული პატენტის მოსაპოვებლად თსუ-სა და სევილიის უნივერსიტეტების მკვლევართა გუნდმა ერთობლივად წარადგინეს პროექტი. ის არის თსუ მედიცინის ფაკულტეტისა და მორფოლოგიის ინსტიტუტის მიერ წარდგენილი საგრანტო პროექტების უცხოელი კონსულტანტი. 2020 წლიდან პროფესორი ფრანცისკო ხავიერ პადილო რუიზი არის თსუ მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრი, ასევე საერთაშორისო კონფერენციების სამეცნიერო კომიტეტის წევრი და თანაორგანიზატორი.
„მინდა, გამოვხატო ჩემი მადლიერება ასეთი დაფასებისთვის. დიდი პატივია ეს ჯილდო ისეთი უნივერსიტეტისგან, რომელსაც უკვე 100 წელზე მეტია შეაქვს წვლილი მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში, მათ შორის მედიცინის მიმართულებით. ეს ჯილდო არის ჩემთვის პასუხისმგებლობა და მოტივაცია, რომ რომ კვლავ ვითანამშრომლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში“,-აღნიშნა ფრანცისკო ხავიერ პადილო რუიზმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებაზე პროფესორმა ფრანცისკო ხავიერ პადილო რუიზმა თსუ რექტორი ჯაბა სამუშია სევილიის უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა, ასევე, სევილიის უნივერსიტეტის საჩუქარი გადასცა თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანს მაია ბიწკინაშვილს.
ამასთან, განმარტავენ, რომ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალის შემდეგ, პროფესორმა ფრანცისკო ხავიერ პადილო რუიზმა ტრანსპლანტოლოგიის განვითარებაზე საჯარო ლექცია წაიკითხა.