გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ფინანსური განათლების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს

4-10-2024

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა თეიმურაზ ხომერიკმა და ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფინანსური განათლების თემაზე გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 


მათივე ცნობით, წელს შეხვედრა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართა და მისი მთავარი თემა იყო „დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობა ეფექტიანი ფინანსური განათლებისთვის“.


ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. დამსწრეებს გამოცდილება ბელგიის, შვედეთის, პოლონეთის, აშშ-ის, პორტუგალიის, პერუს, მალაიზიისა და სხვა ქვეყნების მოწვეულმა ექსპერტებმა გაუზიარეს.


„კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ახალგაზრდების ფინანსური განათლება, მომხმარებელთა ინფორმირება ფინანსურ რისკებსა და საფრთხეებზე, ფინანსური განათლების მიწოდება მოწყვლადი ჯგუფებისთვის და სხვა.


ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა თეიმურაზ ხომერიკმა საქართველოს მაგალითზე რეგიონებში ფინანსური განათლების გავრცელების გამოცდილებაზე, განხორციელებულ აქტივობებსა და მოწყვლად ჯგუფებთან საბაზისო ფინანსური განათლების მიწოდების გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსური განათლების ამაღლება ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობისა და ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.


საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთევან ახალკაცმა გააკეთა. კონფერენციის მონაწილეებს შორის ინტერესი გამოიწვია ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუმ“ და იმ ინტერაქტიურმა საგანმანათლებლო პროექტებმა, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. მისი თქმით, პროგრესის მიუხედავად, მუშაობა კვლავ ინტენსიურად გრძელდება. წარმატების მისაღწევად კი საფინანსო სექტორის, ასევე სამთავრობო, არასამთავრობო, ადგილობრივი და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


კონფერენცია ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ორგანიზებით, OECD-ის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ მონტენეგროს ცენტრალური ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი უწყება და დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო.


საქართველო OECD/INFE-ს ტექნიკური მხარდაჭერის პროექტში 2018 წელს ჩაერთო. 2023 წლიდან კი თანამშრომლობა 5 წლის ვადით გაგრძელდა. პროექტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანას (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, სომხეთი, საქართველო, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია) აერთიანებს.


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელი“ (OECD/INFE) 2008 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE წარმოადგენს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც ხორციელდება განათლებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 130-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე საჯარო ორგანიზაციას აერთიანებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.