7-10-2024
„დაგმობის საკითხებში“ ევროკავშირის კომისარი - უფრო სწორად, საგარეო პოლიტიკის უფროსი - მიდის, - ამის შესახებ გამოცემა POLITICO-ს სტატიაში ვკითხულობთ, სადაც, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადებები და ამ განცხადებების შედეგებია შეჯამებული.
POLITICO-ს თანახმად, ვინაიდან უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ემზადება ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს გადასცეს თანამდებობა, მათ გადახედეს გასული წლის განმავლობაში ბორელის მრავალრიცხოვან განცხადებებს, რომელიც სხვადასხვა გლობალურ პოლიტიკურ აღმაშფოთებელ მოვლენებს გმობდა.
„მაგრამ ბორელის გახშირებულმა აღშფოთებულმა შეტყობინებებმა, რომელთაგან ბევრი შეგროვდა X-ის ერთ-ერთ გვერდზე შესაბამისი სათაურით „შეშფოთებულია თუ არა ევროკავშირი?“ - რეალურად, მიაღწია რამეს?“ - ვკითხულობთ სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, თავად მკითხველს შეუძლია მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განსაჯოს, რამდენად მოიტანა შედეგი ბორელის შეშფოთებებმა.
ერთ-ერთ მაგალითად მოტანილია 2024 წლის 1 ოქტომბერს ირანის მიერ ისრაელზე ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმა, რომელზეც ბორელმა დაწერა: „ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. თავდასხმების ეს ციკლი რისკავს უკონტროლო რეგიონულ ესკალაციას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება“. „რამე შეცვალა ევროკავშირის დაგმობამ? - არა. თავდასხმისთანავე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ირანი „გადაიხდის“ და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა გააფრთხილა, რომ თეირანი უფრო ძლიერ საპასუხო რეაქციას მოახდენს, თუ ისრაელი უპასუხებს“, - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც, სხვა მაგალითებთან ერთად, ასევე მოყვანილია საქართველოში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიღება.
„2024 წლის 17 მაისი: „ჰომოფობიას, ბიფობიას და ტრანსფობიას ადგილი არ უნდა ჰქონდეს მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, LGBTI პირები ძალადობისა და სტიგმატიზაციის სამიზნე არიან: ჩვენ ამას ვგმობთ. ევროკავშირი მუშაობს ინკლუზიურ პოლიტიკაზე, რათა ააშენოს სამყარო, რომელშიც ყველა ადამიანს შეუძლია თავისუფალი და თანასწორი ცხოვრება.” - დაწერა ბორელმა.
„რამე შეცვალა ევროკავშირის დაგმობამ? - არა. ბულგარეთმა შეცვალა განათლების კოდექსი აგვისტოში, რათა აეკრძალა LGBTQ+ „იდეები და შეხედულებები“ სკოლებში, რაც ეხმიანება რუსეთსა და უნგრეთში შემოღებულ მსგავს კანონებს. საქართველომ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ასევე შეზღუდა LGBTQ+ უფლებები“, - აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში.