8-10-2024
თბილისის 211-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში დაიწყეს.
უწყების ინფორმაციით, ახლად რეაბილიტირებულ სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ესტუმრა, რომელიც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
ალექსანდრე წულაძის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პარალელურად, სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს სკოლის შინაარსობრივი განვითარება და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა წარმოადგენს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში 100 საჯარო სკოლის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.
მინისტრთან ერთად ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით კაჭარავამ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი კუპრავამ.
თბილისის 211-ე საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაციის პროექტი სსიპ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა, რაც შეეხება რეკრეაციული სივრცის, ეზოსა და გარე სპორტული მოედნის კეთილმოწყობას, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
სკოლის შენობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი და ადგილზე ფუნქციონირებს: სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სპორტული დარბაზი და მოედანი. სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.