10-10-2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისთვის საქართველოში“ დასკვნითი შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
ექვსწლიანი პროექტი საგარეჯოს, ყვარლის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტებში მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევისთვის მუნიციპალურ დონეზე ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით, მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის გაძლიერებას და ნიადაგის აღდგენის საპილოტე ქმედებების განხორციელებას, ასევე, ცოდნის მართვასა და შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებდა.
„აღნიშნული პროექტი ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა სამინისტროს საქმიანობის დღის წესრიგს წარმოადგენს, რაშიც აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ვფიქრობ, პროექტის შინაარსი, კლიმატის ცვლილებების ფონზე, კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს ბუნებრივი კაპიტალის დაცვის მიზნით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი მიწის მდგრადი მართვის განვითარებას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გლობალურ გარემოსდაცვით ფონდს (GEF) გაეროს გარემოსდაცვით პროგრამას (UNEP) და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს (REC Caucasus) პროექტის განხორციელებისთვის.
„საქართველო სოფლის მეურნეობის მდგრადი მიზნების განხორციელების მიმართულებით, რეგიონში ლიდერი ქვეყანაა. ვფიქრობ, მიწის მდგრადი მიზნების მიღწევის პროცესში აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვან წვლილის შეიტანს“, - განაცხადა ონლაინ ჩართვისას UNEP-ის ოფისის, GEF-ის ბიომრავალფეროვნების/მიწის დეგრადაციის პორტფელის მენეჯერმა იოჰან რობინსონმა.
ხაზგასმით აღინიშნა, პროექტის ფარგლებში ქარსაფარი ზოლების გაშენების, თესლბრუნვისა და მიწის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობა.
ღონისძიებას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ფერმერები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.