10-10-2024
„როდესაც დაპირებისამებრ შეიქმნება 2008 წელს ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია - ამ ბიჭების მოწმედ დაკითხვა აუცილებელი გახდება-რატომ არ ჰქონდათ ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლამდე, ჩვენი გმირი ოფიცრების ციმბირის ციხეებიდან გამოხსნის არც ერთი მცდელობა“ - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, რთული მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლებელი გახდა მათი ეტაპობრივად ციხეებიდან გამოყვანა და საქართველოში დაბრუნება.
„როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტში წინასაარჩევნო დაპირებისამებრ შეიქმნება 2008 წელს ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია - ამ ბიჭების მოწმედ დაკითხვა აუცილებელი გახდება.
რატომ გაიმეტეს, რატომ დაივიწყეს, რატომ არ ჰქონდათ ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლამდე, ჩვენი გმირი ოფიცრების ციმბირის ციხეებიდან გამოხსნის არც ერთი მცდელობა. დღეს ამ ამბების გასახსენებლად საბაბი მომცა ევროპარლამენტის მორიგ სამარცხვინო რეზოლუციაზე კენჭისყრის მოლოდინმა, სადაც ჩვენ კვლავ მიგვითითებენ კრიმინალ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების აუცილებლობაზე.
მაშინ, როდესაც მთავარსარდალ სააკაშვილის მიერ მივიწყებული, ათობით ქართველი ოფიცერი, რომლებიც 2008 წელს "ჯაშუშობის" მუხლით, 10-15-წლიანი პატიმრობა მისჯილები, რუსეთის სხვადასხვა ციხეში არაადამიანური მოპყრობის პირობებში იხდიდნენ სასჯელს - ერთხელაც არ გახსენებიათ მოღალატე და გამყიდველ ყოფილი ხელისუფლების მესვეურებს და მათ საერთაშორისო ლობისტებს. მხოლოდ 2014 წელს, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, რთული მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლებელი გახდა მათი ეტაპობრივად ციხეებიდან გამოყვანა და საქართველოში დაბრუნება. აქედან, ოთხი ოფიცრის ჩამოყვანის პატივი, პირადად მე მერგო წილად. 2014 წლის იანვრის ერთ-ერთი დღე მოსკოვში, 37-გრადუსიან ყინვაში, ლეფორტოვოს ციხესთან - მე ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება.
ჩემს ჩამოფრენამდე ორი დღით ადრე, პირველი ორი ქართველი ოფიცერი, ციმბირის სხვადასხვა დაწესებულებიდან მოსკოვში ჩამოიყვანეს. მათ ჯერ არაფერი იცოდნენ მოახლოებულ გათავისუფლებაზე. მაშინაც კი, როდესაც მე უკვე გამშვებ პუნქტთან ველოდებოდი, ხოლო მათი საკანი გაიღო ძახილით: "С вещами - на выход!" - არ იცოდნენ. ალბათ "ეტაპით" სხვაგან გადავყავართო - იფიქრეს. ვერც მაშინ ხვდებოდნენ ვერაფერს, გამშვები პუნქტის გავლით, ციხის გარეთ რომ აღმოჩნდნენ მოსკოვის გამყინვარებაში. მახსოვს, მივუახლოვდი და ვეუბნები - ძმებო, საქართველოს მთავრობის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალისხმევით, თქვენ დღეიდან თავისუფლები ხართ, და თუ სხვა გეგმები არ გაქვთ, გთავაზობთ სულ რაღაც 5 საათში თბილისის აეროპორტში ჩაფრენას, მანამდე კი - რესტორანში წავიდეთ, თითო ჭიქა წავუქციოთ. თქვენ გინახავთ - რა არის შოკი? ეს იყო სრული შოკი მათთვის.
ეს ორი ვაჟკაცი ფეხებში ჩაიკეცა და ბავშვებივით ტიროდა. მათ 6 წელიწადი მშობლებთან, მეუღლეებთან და შვილებთან არანაირი კონტაქტის საშუალება არ ჰქონდათ. ორი რამ აწუხებდათ შოკიდან გამოსვლის შემდეგ - მათ პასპორტები არ ჰქონდათ, და ზონრების გარეშე ფეხსაცმელი ეცვათ.
რესტორნის შემდეგ, ვნუკოვოში გავემგზავრეთ და საქართველოს ახალი ხელისუფლების ყოვლისშემძლეობაში, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და თავისუფლების მიმართ მაშინ დარწმუნდნენ, როდესაც ვნუკოვოს აეროპორტის ყველა გამშვები პუნქტი, უპასპორტოდ და უბილეთოდ გადავლახეთ, ხოლო ზონრები კი იქვე ვიყიდეთ. მე აღარ მოგიყვებით, თუ რა წარმოუდგენელი სიურპრიზის მქონე ემოციური შეხვედრა ჰქონდათ მათ ოჯახის წევრებთან... სულ ცოტა ხანში, რუსეთის ციხეებიდან გათავისუფლებული კიდევ ორი ჩვენი ვაჟკაცის ჩამოსაყვანად გავემგზავრე.
ამ ყველაფრის ფონზე ამ არაკაცების ხროვამ, ამ კრიმინალურმა კორპორაციამ "რუსულ ნარატივზე", ბანერებზე თუ მშვიდობაზე ხმას რომ აიმაღლებს, დიდი სურვილი მიჩნდება, ერთი ერთზე, პირისპირ დავაყენო იმ ბიჭების წინაშე, თავის ბელადითურთ და უბრალოდ თვალი თვალში გასწორება გაუბედონ...“- წერს ქართველიშვილი.