30-10-2018
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით ის რუსთაველზე აქციის გამართვას გააგრძელებს.
მისივე თქმით, დანებებას არ აპირებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად კვლავ ბრძოლაში რჩება.
„ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ჯანმრთელობა როგორ და რა დოზითაც გამიშვებს, იმ დოზით ვიქნები რუსთაველზე.
ამასთან, ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ რუსთავის პროკურატურამ უნდა გამოიძიოს საქმე, მაგრამ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელი კუთხის პროკურატურა იქნება გამომძიებელი, პროკურატურა ჩემთვის პროკურატურა არის. დამთავრებულია აქ ყველაფერი, პროკურატურამ უკვე იმხელა შეცდომა დაუშვა ჩემი შვილის საქმეში, აზრი არ აქვს ახლა რუსთავი გამოიძიებს, ზესტაფონი გამოიძიებს თუ ჩხოროწყუ,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სალარიძემ რამდენიმე დღის წინ პატრულის თანამშრომელს ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის დააკავეს.
სარალიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. მის წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული არ არის და სასამართლომდე თავისუფალია. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა გირაოს შეფარდებას მოითხოვს.