გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბიძინა ივანიშვილმა აჭარლებს მიმართა: თქვენი ხასიათი და თავდადების უნარი გვიჩვენებს, როგორ ვავსებთ ერთმანეთს მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული სხვადასხვა კუთხის შვილები და ერთ მუშტად შეკრულ ერს ვქმნით

11-10-2024

აჭარასა და აჭარლებზე საუბარი დიდხანს და დაუსრულებლად შეიძლება, მით უფრო, რომ ეს საოცარი კუთხე ბუნებამ უხვად დააჯილდოვა თვალწარმტაცი ადგილებით, სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის მთა და ზღვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


მისი თქმით, აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტულად განწყობილი მხარეა, რომელიც არაერთხელ გამხდარა დიდი იმპერიების ბრძოლის საგანი, მაგრამ აჭარლებს არასდროს განელებიათ საქართველოს სიყვარული და არასდროს შეუწყვეტიათ შვილებისთვის ქართველობის ჩანერგვა.


„აჭარის ხსენებისას ამ ქვეყნის თითოეულ შვილს სითბოთი ევსება გული - სწორედ აჭარაა ის მხარე, სადაც ყოველ ზაფხულს ლამის მთელი საქართველო ერთად იყრის თავს და დაუვიწყარ ემოციებს ვჩუქნით ერთმანეთს.


და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხე უნიკალური და გამორჩეულია, აჭარა ერთი-ერთი ყველაზე ქართულად და პატრიოტულად განწყობილი მხარეა, აჭარლების გასაოცარი ტემპერამენტი და პატრიოტიზმი კი საუკუნეების ქარტეხილებმა არაერთხელ გამოცადა.


მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ეს საოცარი, თანაც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი მრავალჯერ იყო დიდი იმპერიების ბრძოლის საგანი და არაერთხელ მოუკვეთიათ დედა სამშობლოსთვის, მაგრამ თქვენი და ჩვენი დიდი წინაპრების ქართველობის წყალობით, აჭარელ ქალებსა და კაცებს არასდროს განელებიათ საქართველოს სიყვარული, არასდროს შეუწყვეტიათ საკუთარი ენის, ისტორიისა და კულტურის დაცვა, რაც მთავარია, შვილებისთვის გულში საქართველოს სიყვარულის და ქართველობის ჩანერგვა.


თქვენი იმედიანი, სირთულეებთან შეუგუებელი ხასიათი და თავდადების უნარი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ ვავსებთ ერთმანეთს მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები და ერთ მუშტად შეკრულ, მრავალფეროვან ერს ვქმნით. ეს საოცარი ერთობა ყველაზე უკეთ მაშინ ჩანს, როცა საქმე ჩვენს ღირსებას და თავისუფლებას ეხება“, - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში შეკრებილ მოსახლეობას.