30-10-2018
„დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სათუთს, მოსაფრთხილებელს, ბავშვებს უკავშირდება. სამწუხაროდ, ამას სხვაგვარად ხედავს საოკუპაციო რეჟიმი. იქ ბავშვთა უფლებების დარღვევის ისეთი შემთხვევები ხდება, რაც ვერავის დატოვებს გულგრილს. საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია და მილიტარიზაცია. ქალბატონმა ქეთი ციხელაშვილმა მოგვაწოდა შემაშფოთებელი ფაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლთა გაზიარება გადავწყვიტეთ ფართო საზოგადოებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის,“ - ამ სიტყვებით გახსნა სოფო კილაძემ საკომიტეტო მოსმენა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება.
„მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გააძლიერონ მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. და თუ რომელიმე საერთაშორისო ფორუმზე, პლატფორმაზე ჩვენ გააქტიურება გვჭირდება ამ მიმართულებით, ერთობლივად, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ.
ჩვენ, „ბავშვის კოდექსის“ პროექტში გვინდა გავითვალისწინოთ გარდამავალი დებულებები ოკუპირებული ტერიტორიებზე კოდექსის ფაქტობრივი გავრცელების შესახებ, იმისათვის, რომ სიკეთეების ნაწილი მაინც გახდეს ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისთვის,“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.