15-10-2024
„სააკაშვილის მსგავსად, ბევრად მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც რამდენიმე ათასი ადამიანი, საკუთარი ხმის მიცემით ტოვებს პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ორ ჯაშუშს − გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს“, - წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ქართული საზოგადოების თვალწინ, ღიად და დაუფარავად გაფორმდნენ უცხო ქვეყნის ჯაშუშებად და ამის მტკიცებულებაც ხელისგულზე დევს.
„გახარია, მაშინ, როდესაც ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო, დავალების შესაბამისად უმაღლესი თანამდებობიდან გადადგა ერთადერთი მიზნით − როგორმე ხელისუფლებაში ისეთი ნეგატიური პროცესები გამოეწვია, რომ გუნდი ჩამოეშალა. პატრონებმა მას შეურაცხმყოფელი დავალებაც კი მისცეს და გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხი განუსაზღვრეს. არადა, რამდენიმე თვით ადრე, პარლამენტის ტრიბუნიდან გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“ დასრულებით „ემუქრებოდა“. გახარია ქართული საზოგადოების თვალწინ, ღიად და დაუფარავად გაფორმდა უცხო ქვეყნის ჯაშუშად, ამიტომ მათთვის ხმის მიმცემმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაიზიარონ ის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რასაც ღიად ჯაშუშობაში მხილებული ადამიანის მხარდაჭერა უნდა იწვევდეს.
კიდევ უფრო აშკარა, ღრმა და ხილული კავშირები აქვს „ნაცმოძრაობასთან“ მეორე ჯაშუშს − მამუკა ხაზარაძეს. წლების განმავლობაში სასამართლოს მიერ დადასტურებული თაღლითი „ნაც-მოძრაობის“ კრიმინალური ბანდის საკვანძო ფიგურა იყო. სწორედ ის იფორმებდა წართმეულ ქონებებს, ღამის საათებში, რეკეტის მსხვერპლ ადამიანებს ართმევდა ბიზნესებს და შემდეგ თავად განკარგავდა ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. „მაგნატის“, „სენტას“, „ელიტ ელექტრონიქსის“, „ბანკი კონსტანტას“, „თბილისი ცენტრალის“ საქმეები საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რომ ხაზარაძე შერწყმული იყო რეჟიმთან და მათი დანაშაულის უშუალო თანამონაწილე გახლდათ. ყველას გახსოვთ, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ შემოვიდა, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასჯელისგან თავის არიდების გამო, მან არათუ პოლიტიკას შეაფარა თავი, არამედ მთელი ქვეყნის თვალწინ უცხო ქვეყნის ჯაშუშად გაფორმდა და ღიად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ გარე დავალებების შესრულება“, - წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.