15-10-2024
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავიანთმა პატრონებმა საკუთარ სამსახურში ნაბიჯ-ნაბიჯ, 2003 წლიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ჩაიყენეს. დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ჯგუფი ე.წ. რევოლუციით მოიყვანეს ხელისუფლებაში და ქვეყნის მართვის გამოცდილების არმქონე ადამიანების შეცდომებს თუ ძალაუფლებით ტკბობის სურვილს მათ დასამორჩილებლად იყენებდნენ- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ „გარედან კარნახობდნენ პრობლემების მოგვარების ისეთი სასტიკი მეთოდების გამოყენებას, რა მეთოდებიც კიდევ უფრო მეტად გახდიდა დამოკიდებულს პატრონებზე“.
„დანაშაულთა მთელი წყების შემდეგ, სააკაშვილმა 2008 წელს რიგგარეშე არჩევნები ჩაატარა, რომელიც პირწმინდად წააგო, თუმცა ამ არჩევნებს მისმა პატრონებმა ლეგიტიმაცია მისცეს და მალევე შეასრულებინეს მთავარი დავალება − საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიეს. ამ ყველაფერს მოჰყვა საქართველოში დიქტატურის გაფორმება და ყველა ინსტიტუციის საბოლოოდ მოშლა. ყველაფერი გარედან ხელით მართვაზე გადავიდა, ხოლო ნაციონალური მოძრაობა „ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფიდან“ დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელ ადამიანთა კრიმინალურ დაჯგუფებად იქცა.
მათგან განსხვავებით, ხაზარაძეც და გახარიაც ამ პროცესს გვერდიდან ადევნებდნენ თვალს და ძალიან კარგად იციან, როგორ მიიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიპი ამ სავალალო მდგომარეობამდე. და მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს გაცნობიერებული და გააზრებული აქვს, რა შედეგები მოაქვს აგენტურის ხელისუფლებაში ყოფნას ქვეყნისათვის, არათუ უარი არ უთქვამთ ჯაშუშად გაფორმებაზე, არამედ ორივემ საჯაროდ გადადგა ეს ნაბიჯი.
ხაზარაძემ პოლიტიკური პარტია შექმნა და ლობის ძიებაში სრულად ჩაბარდა უცხოელ დავალებების მიმცემებს, ხოლო გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდანაც კი გადადგა, რადგან უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშად მსახურებაზე. ამიტომ, ერთიც და მეორეც ნაცმოძრაობაზე ბევრად საშიში ძალაა ჩვენი ქვეყნისათვის. ხაზარაძეც და გახარიაც ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებენ, თან ზუსტად იციან, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში უმძიმესი ანტისახელმწიფოებრივი დავალებების შესრულება მოუწევთ. ამიტომ, ბევრად სახიფათოა ქვეყნისათვის მათი ამომრჩეველიც.
იმ ხალხმა, რომლებიც გახარიას და ხაზარაძის მხარდამჭერები არიან, უნდა გააცნობიერონ, რომ ხმას აძლევენ საქართველოს გადაბარებას ჯაშუშებზე და თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, ნაცმოძრაობის მაგალითზე, ხელისგულზე დევს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჯაშუშობის მხარდაჭერისათვის აუცილებელია მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც. თუ ნაცმოძრაობის ამომრჩეველს შეიძლება რაიმე სახის შეღავათით შეხედო, რამეთუ ისინი წლებია ყალიბდებიან ანტიქართულ ძალად და ბევრს შესაძლოა არც ახსოვდეს წარსულის პროცესები, ხაზარაძე და გახარია ამომრჩევლის თვალწინ, 2-3 წლის განმავლობაში იქცნენ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ ჯაშუშებად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებით და მათი პასუხისმგებლობის დადგომის შემთხვევაში დასრულდება აქამდე არსებული უკიდურესი რადიკალიზაცია და მრავალწლიანი სიარული ერთ ჩაკეტილ წრეზე.
„სწორედ ამ მრავალ მიზეზთა გამო, ამჯერად მაინც უნდა მოვახერხოთ პრობლემის და ბოროტების სათავემდე მისვლა და მისი ამოძირკვა. პრობლემის სათავე კი, როგორც აღინიშნა, სწორედ ის თითოეული რიგითი ამომრჩეველია, რომელიც ამ დროის განმავლობაში ასულდგმულებს და სიცოცხლეს უნარჩუნებს საზოგადოების მეტასტაზს, კრებსით ნაციონალურ მოძრაობას. 9-წლიანი მმართველობა მისი არსით და სიმძიმით, იყო ფაშისტური, შესაბამისად ლოგიკურია, ვიხელმძღვანელოთ იმ დასავლური პრაქტიკით, რითაც მოხერხდა ფაშისტური რეჟიმის გასამართლება და აღსანიშნავია, რომ პროცესი დღემდე გრძელდება.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დაიწყო სამართლებრივი პროცედურები, რომლის მიხედვით დამნაშავეები დაყოფილ იქნენ 5 კატეგორიად, მაშ შორის იყვნენ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მხარდამჭერებიც. ყველა კატეგორიას დანაშაულის სიმძიმის მიხედვით დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რამაც საშუალება მისცა გერმანიის მოსახლეობას გათავისუფლებულიყვნენ ფაშისტური წარსულისგან. აღნიშნული პროცესი, რომელიც გერმანიის დასავლურ ნაწილში ამერიკელების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა, აჩვენებს, რომ შესაძლებელია მოხდეს აღწერა კრიმინალური პარტიების თითოეული ამომრჩევლის, ვინც უნდა გააცნობიეროს, რომ დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!
თითოეულ ამ ადამიანს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მტრობისა და დაუსრულებელი რყევის გამო. სწორედ ამ სექტის გასამართლებით და მათი პასუხისმგებლობის დადგომის შემთხვევაში დასრულდება აქამდე არსებული უკიდურესი რადიკალიზაცია და მრავალწლიანი სიარული ერთ ჩაკეტილ წრეზე. როდესაც ამ პოლიტიკურ ბანდიტებს აღარ ექნებათ თუნდაც მცირე რაოდენობის, მაგრამ მაინც საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია, სწორედ მაშინ გაიწმინდება პოლიტიკური სისტემა და ასპარეზზე ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები გამოვლენ“, - ნათქვამია განცხადებაში.