15-10-2024
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, განცხადებას ავრცელებს, სადაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ქვეყანაში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოწვეულ სირთულეებზეა საუბარი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის სისტემური დანაშაულების დამადასტურებელი არაერთი განაჩენია დამდგარი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სასამართლოებში, ასევე ათასობით რეპრესირებული და განადგურებული ოჯახი სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. ამ ფონზე, კვლავ „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა კი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანახმად, არათუ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების მხარდაჭერას, არამედ თანამონაწილეობასაც ნიშნავს.
„ადგილობრივ თუ საერთაშორისო სასამართლოებში არაერთი განაჩენია დამდგარი, რომელიც ნაც-მოძრაობის რეჟიმის სისტემურ დანაშაულებს ადასტურებს. ასევე, 2008 წლის ომის შესახებ არსებობს ტალიავინის დასკვნა და თავად ნაცმოძრაობის წარმომადგენლების მიერ მხარდაჭერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია (1633), რომელიც მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს ამხელს. ყოველივე ამის პარალელურად, ჩვენ გარშემო ათასობით რეპრესირებული, განადგურებული ოჯახია, რომლებიც დღემდე სამართლიანობის აღდგენას მოელიან. როდესაც ამის შემდეგ კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევ ხმას, ე.ი. შენც ქვეყნის მტერი ხარ და ყველა ჩადენილი დანაშაულის არათუ მხარდამჭერი, თანამონაწილეც კი ხდები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.