15-10-2024
„ქვეყანამ კრებსითი ნაცმოძრაობის მიერ ხელოვნურად შექმნილ იმდენ პოლიტიკურ კრიზისსა და დესტაბილიზაციას გაუძლო, რთული დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი 12 წლის განმავლობაში მოხდა ერთ პატარა საქართველოში, ოკუპაციისა და სხვა უამრავი გამოწვევის ფონზე“, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
განცხადების თანახმად, 12 წლის განმავლობაში, ხელისუფლებას უმძიმეს პირობებში უხდება ქვეყნის მართვა და მუდმივ რყევებთან, რევოლუციების და ომის რისკების გამკლავების მხრივ უწევს ბრძოლა.
„12 წლის განმავლობაში, ხელისუფლებას უმძიმეს პირობებში უხდება ქვეყნის მართვა და საზოგადოების საჭიროებებზე ზრუნვა − ერთი მხრივ მთელი ენერგია და რესურსი მიმართული უნდა იყოს ეკონომიკის ზრდაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ქვეყანაში დოვლათის შექმნასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, ამის პარალელურად კი, მუდმივი რყევების, გარე თუ შიდა პოლიტიკური აქტორების განეიტრალების, რევოლუციებისა თუ ომის რისკ-ფაქტორების გამკლავების მხრივ უწევს ბრძოლა, რასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.
თითქოს ჩვეულებრივ ამბად გვექცა რევოლუციური სცენარები, ყოველი არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობები, გარედან თავსმოხვეული პოლარიზაცია, განსხვავებული აზრის გამო ადამიანების ჩაგვრა, ლანძღვა, გინება და ქართველი ხალხის მუდმივ ტერორში ყოფნა. უკვე 12 წელია აგრესიული უმცირესობა ყველა დაუშვებელ ფორმას იყენებს იმისათვის, რათა გაბატონდეს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ უმრავლესობაზე“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.