16-10-2024
„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის. 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი ჩვენი თვეა! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვებს ქართველი ხალხი“, - ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოგესალმებით მეგრელებო, მოგესალმებით სვანებო, მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი მხარის - სამეგრელოს და ზემო სვანეთის შვილებს.
მოგესალმებით აფხაზეთიდან დევნილებს, მივესალმები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს.
მინდა მივესალმო სამეგრელო-ზემო სვანეთის მოქმედ და მომავალ წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში.
სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა თავისი ულამაზესი ბუნებით და უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობით. სამეგრელო და სვანეთი ინახავს უამრავ
საუნჯეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ, სარწმუნოებრივ და კულტურულ თვითმყოფადობას ქმნის.
რაც მთავარია, სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა განსაკუთრებული ღირსების მატარებელი და ნიჭიერი ადამიანებით, რომლებსაც ყოველთვის შეჰქონდათ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული თქვენგანის მიმართ.
11 დღეში შედგება გადამწყვეტი არჩევნები, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს. ეს არის რეფერენდუმი, რომელზეც ყველამ ერთად საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა, უნდა ვუთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები, უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულს და ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო პოლიტიკოსების, უცხოელი აგენტების ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც კლავდა და აწამებდა ადამიანებს, ძარცვავდა ბიზნესს, იტაცებდა ტელევიზიებს. ამ რეჟიმმა ჩართო ქვეყანა ომში 2008 წელს და დაგვაკარგვინა დროებით ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი. ამ ყველაფერთან ერთად, 2012 წლამდე ქვეყანაში იყო უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ხალხს დაკარგული ჰქონდა ყოველგვარი იმედი, რომ ეს ვითარება რაიმეს ან ვინმეს შეიძლებოდა შეეცვალა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკურ ცხოვრებაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა და საქართველო განვითარების სწორ გზაზე დააყენა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც საქართველომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით მიაღწია. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის.
2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უზრუნველყო ქვეყნის ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით:
ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება. შედეგად, 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა ჩვენი მოსახლეობისთვის, 72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა. 5-ჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები. 1 იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთათვის - 450 ლარი გახდება. შესაბამისად, 420 და 540 ლარამდე გაიზრდება პენსიები მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის;
35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, ხოლო მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში დამატებით 6,000 დევნილი ოჯახი მიიღებს, დღეს დავიწყეთ ზუგდიდში 1700 ოჯახისთვის განკუთვნილი სპეციალური საცხოვრებლის 7 კორპუსის მშენებლობა, რაც დასრულდება 2027 წელს.
ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც გავაკეთეთ გასული 12 წლის მანძილზე და რის გაკეთებასაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ.
რაც მთავარია, ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველოს ომი არ ჰქონია. ახლაც, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას და უზრუნველყოფს ნათელ მომავალს ქართველი ხალხისთვის.
ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველოს გამთლიანება. ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრშია გამყოფი ხაზი, რომელიც ხელოვნურად გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მხარეს - აფხაზეთს. გამყოფი ხაზი ხელოვნურად გვაშორებს ადამიანებს, მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებსა და დებს, რომლებიც ენგურს გაღმა ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დრო, როდესაც ყოველგვარი ხელოვნური დაბრკოლება მოიხსნება და ქართველები და აფხაზები ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და განუყოფელ ქართულ სახელმწიფოში, ერთად შევქმნით საქართველოს ნათელ მომავალს და ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ამისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის.
26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი ჩვენი თვეა! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს ქართული სახელმწიფო!
ღმერთი ფარავდეს ამ ულამაზეს მხარეს და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!