16-10-2024
„ისინი შეეცადნენ, რომ გარკვეული საინფორმაციო შტურმით დაეფარათ საკუთარი დანაშაული და რომ ვერ დაფარეს, ბოლოს შეეცადნენ საღებავით დაეფარათ საკუთარი დანაშაული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერის დაზიანებაზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ლელო“, გახარია, „ახლები“, კოლექტიური ოპოზიცია, რომელიც გარედან იმართება.
„სინამდვილეში, ძალიან კარგია ის, რაც გუშინ ვნახეთ. ამან დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დაადასტურა ის მიზანი, რომელიც ამ ბანერებს ჰქონდა. ისინი შეეცადნენ, რომ გარკვეული საინფორმაციო შტურმით დაეფარათ საკუთარი დანაშაული და რომ ვერ დაფარეს, ბოლოს შეეცადნენ საღებავით დაეფარათ საკუთარი დანაშაული. ეს ბანერი მათ დანაშაულს ასახავს. ამიტომ არის ეს ბანერი მნიშვნელოვანი, ამიტომ უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი ასეთი ბანერი და ხშირად შეხედონ ქალბატონმა ხატიამ, ბატონმა გიგი უგულავამ, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები „დიახ, მე ომი მინდა“. გიგი უგულავას ომი რომ უნდა, უნდა შეხედოს ამ ბანერს და ჩახედოს თავის დანაშაულს თვალებში, ვინაიდან ზუსტად ამ მომავალს უმზადებდა ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, გახარია, „ახლები“ - კოლექტიური ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში გარედან იმართება, რაც ამ ფოტოზეა გამოსახული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში მმართველი პარტიის ბანერი დააზიანეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული.