17-10-2024
გავაგრძელებთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობას და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას. მათ შორის, ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფომ ვეტერანებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობისთვის აამოქმედა.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის დაწესდა ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც მზარდია და თუ 2014 წელს 500 ლარი იყო, დღეისათვის უკვე 1200 ლარს შეადგენს. მოიხსნა შეზღუდვა, რომლის თანახმად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ საპენსიო ასაკის ვეტერანებს; შედეგად, დახმარების მიღება შეძლო დაახლოებით 45 000-მა ვეტერანმა;დაწესდა შეღავათები, მათ შორის საგადასახადო კუთხით, მუნიციპალური ტრანსპორტით და მატარებლით მგზავრობაზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებით და სხვა მომსახურებებით სარგებლობაზე. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში შეიქმნა ვეტერანთა პაკეტი, რომლის ფარგლებშიც ვეტერანებს სამედიცინო მომსახურება 15 000-ლარიანი წლიური ლიმიტის ფარგლებში 100%-ით უფინანსდებათ. ამოქმედდა ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამა. განათლების მიმართულებით სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანთა შვილები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებიან.
პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისას უპირატესი უფლება ვეტერანებს ენიჭებათ;სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში ჩამოყალიბდა ვეტერან ფერმერთა ასოციაციები, კოოპერატივები, მეურნეობები,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ვეტერანთა ხელშეწყობას და შესაბამისი პროგრამების გაფართოებას, მათ შორის, აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც.
„ეს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების მხოლოდ ნაწილია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს იმ ძალისხმევისათვის, რომლის შედეგადაც დღეს ვითარება არსებითად არის გაუმჯობესებული. თუმცა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ გავაგრძელებთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობას და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას. მათ შორის, ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც.
ჩვენი გეგმების განსახორციელებლად და ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის უმთავრესი პირობაა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება. თქვენ, ვეტერანებმა ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი. მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსათვის თავდადებისთვის, იმ წვლილისათვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.