31-10-2018
37-წლის ნაზი საათაშვილი 3 დღეა საზოგადოებრივ ტუალეტში ცხოვრობს. ავტოსადგურის ტერიტორიაზე განთავსებულ საპირფარეშოში მოლარედ მუშაობს და ღამე იქვე რჩება. გორის მერიის მიერ ნაჩუქარ სოციალურ საცხოვრისში, რომელიც 2 ოთახისგან შედგება, ერთი წელია, ორ ძმასთან ერთად ცხოვრობდა. აქედან უმცროს ძმას ცოლი და 7 შვილი ჰყავს.
სოციალური საცხოვრისი უმცროს ძმაზე გაფორმდა. ფართის სიმცირის გამო, ნაზი საათაშვილი და უფროსი ძმა იძულებული გახდნენ ბინა დაეტოვებინათ.
უფროსი ძმა გორის ბაზარში მტვირთავად მუშაობს, ღამეს კი, დასთან ერთად, ტუალეტში ათენებს.
სოციალური საცხოვრისის მიღებამდე, 11-სულიანი ოჯახი, სადგურის დასახლებაში ცხოვრობდა, რომლის ქირას ასევე მუნიციპალიტეტის მერია იხდიდა.
ნაზი საათაშვილი: ,,სამსახურიდან {იგულისხმა ტუალეტი} როცა ვბრუნდებოდი სახლში, სულ ჩხუბი გვქონდა. მიშლიდა ტუალეტში გასვლას. წყალი მეზობლისგან შემქონდა. შეუძლებელი იყო იქ გაჩერება. იძულებული გავხდი აქ გადმოვსულიყავი“.
ნაზი საათაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში ორი წლის წინაც მოექცა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 11-სულიანი ოჯახი სადგურის დასახლებაში ასევე მძიმე პირობებში ცხოვრობდა. სიუჟეტის შემდეგ, საათაშვილების ოჯახი სადგურის დასახლებიდან კომბინატში, სოციალურ საცხოვრისში შეასახლეს. საცხოვრისი ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ეკუთვნის.
გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი აცხადებს, რომ განცხადების მიმართვის შემთხვევაში, ნაზი საათაშვილის ახალ ბინას მოძებნიან, რომლის ქირის თანხის გადახდას მერია უზრუნველყოფს. ნაზი საათაშვილი ამბობს, რომ მას ფიზიკურად გადაადგილება არ შეუძლია და, შესაბამისად, განცხადებით ვერ მიმართავს მერიას.