18-10-2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური და კვლევითი პოტენციალის გაძლიერების მიზნით, სამეცნიერო ჟურნალების დაფინანსების პროექტი იწყება. აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, თსუ-ს მეცნიერების მხარდაჭერას და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებას.
თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია: „უნივერსიტეტის მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ მეცნიერებისა და კვლევის მუდმივ განვითარებას, რათა შევქმნათ გარემო, რომელიც წაახალისებს ინოვაციებსა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებს. უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალები განიხილება როგორც პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგში სამეცნიერო იდეებისა და ინოვაციების გაცვლას, ასევე ახალგაზრდა მეცნიერებისთვის კვლევების გამოქვეყნების შესაძლებლობას. დაფინანსების გამოყოფა სამეცნიერო ჟურნალებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯს ამ მიზნის მისაღწევად.”
პროექტის ფარგლებში ფაკულტეტებზე შეიქმნება სამეცნიერო ჟურნალები, რაც ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას და კვლევების შედეგების ფართო საზოგადოებაში გავრცელებას. უნივერსიტეტის მიზანია, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჟურნალების ფუნქციონირება, რაც გაამყარებს უნივერსიტეტის როლს როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში.
დაფინანსება შეეხება როგორც არსებული, ასევე ახალი სამეცნიერო ჟურნალების შექმნისა და განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას.