18-10-2024
ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა, კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე, „მგზავრებზე". როცა ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა ასეთი ფორმით საქართველოში, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ლიბერალური ფაშიზმი, საქართველოში უკვე კონკრეტულ ჯგუფს ეზღუდება კონცერტის გამართვის შესაძლებლობა.
„ეს არის კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც შეგვახსენებს, თუ რამდენად მძიმე გამოხატულება აქვს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში და ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით. ორი თვის წინ მოვისმინე რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ათ-წუთიანი ვიდეო მიმართვა, მას შემდეგ, რაც ის პირველად გამოვიდა საავადმყოფოდან, მასზე თავდასხმის შემდეგ და ის ყვებოდა თუ როგორია ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება სლოვაკეთში. ეს ათ წუთიანი მიმართვა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. ეს უჩვენებს, რომ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება ზუსტად იდენტურია საქართველოში და სლოვაკეთში. ეს იმას ნიშნავს თავის მხრივ, რომ ეს ახალი მიმდინარეობა და იდეოლოგია არის კოორდინირებული გლობალურ დონეზე, იმ ძალების მიერ, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ლიბერალურ ფაშიზმს. ამ შემთხვევაში ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა, კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე, „მგზავრებზე". სამწუხაროდ, ეს არ ამართლებს მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ გარკვეულწილად, შეიძლება ახსნა მოვუძებნოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს. ძალიან მძაფრი არის ხოლმე ლიბერალური ფაშიზმის თავდასხმები ამა თუ იმ პირის და ორგანიზაციის მიმართ. შესაბამისად, ამას აქვს ახსნა, მაგრამ გამართლება არ აქვს.
თავის დროზე, როცა ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა ასეთი ფორმით საქართველოში, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ლიბერალური ფაშიზმი, საქართველოში უკვე ხედავთ, რომ კონკრეტულ ჯგუფს ეზღუდება კონცერტის გამართვა საქართველოშიც კი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სწორედ ლიბერალურ ფაშიზმს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.
ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკური ძალების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე. როგორც კი არაკონსტიტუციურად გამოცხადდებიან ლიბერალურ-ფაშისტური პოლიტიკური ძალები, მაშინვე დასრულდება ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში და არც ასეთ ჯგუფებს აღარ შეექმნებათ მოგვიანებით პრობლემა - განაცხადა პრემიერმა.