გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში (სრულად)

19-10-2024

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში საზოგადოებას სიტყვით მიმართა.


„მოგესალმებით ჩემო საყვარელო იმერლებო სილაღით, იუმორით, სტუმარმასპინძლობით განთქმული ქალაქიდან - ქუთაისიდან! ბედნიერი ვარ, ამდენ გულანთებულ, პატრიოტ ადამიანს რომ ვხედავ! საქართველოს მეორე დედაქალაქად წოდებული ეს უძველესი ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იყო და არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ცენტრი.


მისი შემოგარენი მდიდარია ქართული არქიტექტურული შედევრებით, უდიდესი სალოცავებით, რიღაც ამაყობს თითოეული ქართველი. აქვე, გელათში განისვენებს საქართველოს ყველაზე დიდი მეფე, წმინდა დავით აღმაშენებელი, რომლის დროსაც დაიწყო საქართველოს ოქროს ხანა; რომლის მოღვაწეობაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ არა პატარა, არამედ დიდი ერი.


უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, თავის იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს და გონიერებით, პატრიოტიზმით, რწმენით აგრძელებს განვითარებას და წინსვლას. ამან გადაარჩინა ქართველი ერი, გაუძლო უამრავ შემოსევას, შიდა თუ გარე მტერს და დგას მტკიცედ. ვერასდროს, ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ვერ შეაჩერებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას, ვიდრე ერთად ვართ, ვიდრე სამშობლოს და უფალს ვაყენებთ ყველაზე და ყველაფერზე წინ.


ჩვენ, იმერლებს არ გვეშლება, სად უნდა ვიყოთ, როდესაც ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს. ამ თავგანწირვის, ბრძოლის მაგალითი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წელს სადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას. მეგობრებო, რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად? რასაკვირველია, მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ თუ არა საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რამხელა უბედურება მოაქვს ომს და ნგრევას. რომ აღარაფერი ვთქვათ შორეულ წარსულზე, ეს ხომ ჩვენი მშობლების თაობამ, ჩვენმა თაობამ საკუთარ თავზე იწვნია. ის უბედურება, რაც აგვისტოს ომმა მოუტანა ქვეყანას, მოუშუშებელ ჭრილობად გვექცა.


დღეს ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი ქვეყანა. მეგობრებო, საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მას აქვს უზარმაზარი ადამიანური რესურსი, ჰყავს უნიჭიერესი ახალგაზრდობა და სურს მხოლოდ ერთი რამ - სტაბილურობა; სურს საკუთარი იდენტობით, ტრადიციებით, რწმენით, უნიკალური კულტურით ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის! სწორედ ეს არის გზავნილი იმ საარჩევნო ბილბორდებზე, რომლის გამოჩენამაც ისედაც გაფარჩაკებული, განადგურებული ოპოზიცია მწყობრიდან გამოიყვანა - ბოლო დღეებია სასოწარკვეთილები გულდასმით შლიან წარწერას „არა ომს“.


დიახ, არა ომს! გაუმარჯოს მშვიდობას, რომელსაც მთელი გულით ვუსურვებთ მთელ მსოფლიოს! ამ ბილბორდებთან მებრძოლ უსამშობლო რადიკალებს, რომლებიც მზად არიან, თავიანთი დამკვეთების ბრძანებით გაყიდონ საკუთარი სამშობლო, რასაკვირველია, ნაკლებად ადარდებთ უკრაინელი ხალხის ბედი. ეს ადამიანები ღიად ამბობენ, რომ ურჩევნიათ ბომბები ცვიოდეს ჩვენს ქვეყანაში; რომ არ შეიძლება საქართველო იყოს სამყაროს ცენტრი და ყველაზე სათაყვანებელი ქართველისთვის. ადამიანს, რომელსაც არა აქვს სამშობლოს სიყვარულის განცდა, როგორ შეიძლება გული შესტკიოდეთ სხვა რომელიმე ქვეყანაზე?


ამდენად, მეგობრებო, ჩვენ ვერ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას საჯიჯგნად უსამშობლო რადიკალებს, ვერავის მივცემთ უფლებას საქართველოს ბედი გარედან გადაწყვიტოს. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხართ თქვენ, ქართველი ხალხი, მოსახლეობა და სწორედ თქვენ ხელშია მისი მომავალი. 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს მომავლის დასაცავად, მშვიდობის დასაცავად! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს საქართველოს მომავალი, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება”! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - განაცხადა თბილისის მერმა.