19-10-2024
პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და განმარტა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც არჩევნებზე ქუდზე-კაცი უნდა გამოვიდეს და „ქართულ ოცნებას“ დავუჭიროთ მხარი, არის ის, რომ რეგიონში და მთლიანად - მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნებისმიერ მომენტში შესაძლოა გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა.
მისივე თქმით, ამიტომაც, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ საჭირო დროს, წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მშვიდობიანი გზით გამთლიანებისთვის არის აუცილებელი.
„თავადაც კარგად იცით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოსთვის სასარგებლო თითოეულ საქმეს ეწინააღმდეგება, ყველაზე დიდ აგრესიას კი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთმიტევების გზით აღდგენის წინააღმდეგ გამოხატავენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 26 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობას მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი - ან კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, სადაც თავმოყრილნი არიან უსამშობლო მოღალატეები, რომელმაც საკუთარი თავი ომის, არეულობის, ძალადობის, ტყუილისა და უცხო ინტერესების მორჩილების სიმბოლოდ აქციეს - ან „ქართული ოცნება“, ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც წლებია ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და არის კეთილდღეობის, სტაბილურობის და ღირსეული ევროპული მომავლის გარანტი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.