21-10-2024
ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა, ამ ფონზე, არავითარ ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ რამეზეა საჭირო განცხადებების გაკეთება, ეს არის მოლდოვა, რომელმაც ჩატარებული არჩევნებით დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა.
„მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები, ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით. კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით და მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა. განცხადებები თუ სადმეა საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით, სამართლიანობა რომ იყოს. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და თვალში ნაცარს გვაყრიან, გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას არ ეკუთვნის, ეს არის სირცხვილი. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და გადაივლის არჩევნები, მაშინვე აღდგება სამართლიანობა, დარწმუნებული ვარ," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.