21-10-2024
საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების, საბანკო ასოციაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის სების მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიზნით დაგეგმილი ორი მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
შეხვედრას სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში არსებული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის - RTGS სისტემის განახლებისა და სრულიად ახალი ტიპის - მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ჭყოიძემ პრეზენტაციის ფორმატში დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ახალი საგადახდო სისტემების ფუნქციონალი, მათი უპირატესობები და სარგებელი, როგორც კომერციული ბანკებისა და ფინტექ კომპანიებისთვის, ასევე ამ სისტემების საბოლოო მომხმარებლებისთვის.
მყისიერი გადახდების განახლებული სისტემა დააჩქარებს და გაამარტივებს გადახდების პროცესს და თანხის ხელმისაწვდომობას გადარიცხვის მიმღებისთვის, ხელს შეუწყობს ინოვაციებსა და კონკურენციის ზრდას და სხვა.
„ახალი საგადახდო სისტემა საშუალებას მისცემს მომხმარებელს, ნებისმიერ დღეს და დროს განახორციელოს გადახდა, რომელიც მყისიერად შესრულდება“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.