22-10-2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქ ტოულ სურ მერში (Théoule-sur-mer) გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Theoule Arts and Vin” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 12 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის 15 სახეობის ღვინოს.
რიგით მე-16 ფესტივალი „Theoule, Arts and Vin“, რომელიც ტოულ სურ მერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 2008 წლიდან იმართება, აერთიანებს ღვინისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს, ღვინის მომხმარებლებს, იმპორტიორებსა და გასტრონომებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთშია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მზარდია.