23-10-2024
„ბევრ სიკეთეს მოუტანს საქართველოს „ქართული ოცნების“ გამარჯვება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, უცხოელისთვის რომ დაეჯერებინათ და სანქციები დაეწესებინათ, დღეს ქვეყანა დანგრეული იქნებოდა.
„ჩვენ ჩვენი თავის იმედი გვაქვს და ბოლო 2.5 წელმა გვაჩვენა, რომ ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს უპირველეს ყოვლისა. სხვის იმედად რომ ვყოფილიყავით და ბევრი უცხოელისთვის დაგვეჯერებინა, დაგვეწესებინა სანქციები, დღეს ვიქნებოდით დანგრეულ ქვეყანაში, რომელიც ზუსტად იმ შავ-თეთრ ფერებში იქნებოდა, რაც ჩვენს ბილბორდებზეა და რომლის შეხედვის დროსაც ელეთმელეთი ეცემა ოპოზიციას და მათ „ბაბლს“. იმიტომ რომ უყურებენ დანაშაულს, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ.
საქართველოს ხელისუფლებას რომ დაეჯერებინა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც 20 ოქტომბერს იდგნენ თავისუფლების მოედანზე, 2022 წლის მარტში კი პარლამენტთან, ამ ქვეყანას ხომ დავანგრევდით? და არ რცხვენიათ ამ მოქალაქეებს, რომლებიც ითხოვდნენ უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას, რითაც საკუთარ ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებდნენ და სანქციების დაწესებას. რატომ? იმიტომ რომ რომელიღაც უცხო ქვეყნის პრეზიდენტმა რაღაც პოსტი დაწერა და ამაზე ჰქონდათ ემოციური აღტყინება დამართებული“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.