1-11-2018
ლუკამ, 4 თვის წინ, ქუჩაში ნაწამები ლეკვი იპოვა. მაშინვე ვეტერინართან წაიყვანა. მას შემდეგ მზრუნველობა არ მოუკლია. სახლში, სადაც ბებიასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს, ადგილიც მოუძებნა.
,,სკოლაში რომ მიდის ხოლმე, მერე მე ვუვლი ამ ძაღლს. მე არც ვიცოდი, რომ ვეტერინართან ჰყავდა მიყვანილი. ლუკას გარეშე მეც წავიყვანე ეს ძაღლი ვეტერინართან. ვეტერინარმა მითხრა, ლუკას უკვე ჰყავდა მოყვანილიო." - ამბობს ქალბატონი ზოია.
ნაწამები ძაღლი ახლა კარგადაა. დაზიანებულ ფეხს ბოლომდე ვერ ადგამს. ამიტომ, ბებიამ და შვილიშვილებმა მას ,,კინკილა" დაარქვეს. ლუკა ამბობს, რომ ,,კინკილას" როცა რამე არ მოწონს, იღრინება ხოლმე: ,,თუმცა, მე არასოდეს მღრენს" - ამბობს ლუკა.
მოზარდები გორის ბაზართან ახლოს ცხოვრობენ. თითქმის ყოველდღიურად ხედავენ მიუსაფარ ძაღლებს და კატებს. ლუკას ძმამ, ბესომ ერთი წლის წინ, ყვითელი ფერის კნუტიც მიიყვანა სახლში. ბებია იხსენებს, რომ კნუტი მიტოვებული ყოფილა.
,,სახლში ძაღლიც გვყავდა და კატაც. ეს კნუტი რომ მოიყვანა, დამიძახა, ბაბო, ჩემნაირი რიჟიკა მოვიყვანეო. გვეშინოდა, მეორე ,,ფუმფულა" კატას არ ეკბინა, მაგრამ შეეგუვნენ. ,,ცქნაფოც" პატარა ლეკვი იყო თავიდან, იმიტომაც დავარქვით ეს სახელი. უკვე სამი წელია და მაინც ცქნაფოს ვეძახით. ახლა უკვე ,,კინკილაც" გვყავს. ლუკა ძალიან მზრუნველია და მეც მიხარია" - ამბობს ზოია მექვაბიშვილი.
ვეტერინარული კლინიკა ,,მარკოს" ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, არასრულწლოვნების მხრიდან, დამოკიდებულება ძაღლების მიმართ შეცვლილია. მისი თქმით, როდესაც მოზარდები ქუჩაში სისასტიკის შემთხვევებს აწყდებიან, ეს მათზე ძალიან მოქმედებს და ცდილობენ ცხოველები გაჭირვებაში არ მიატოვონ" - ამბობს ირმა მთიულიშვილი.