23-10-2024
„დღეს, ჩვენი საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩაგაბაროთ და ფაქტების დონეზე კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ის წინსვლა, რაც 2012 წლის შემდეგ გვაქვს. შეფასება კი 26 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან თქვენთვის მომინდვია,“ - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თბილისში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.
სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს მოსახლეობის 30 პროცენტი, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, 2023 წლისთვის კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის სამჯერაა შემცირებული.
„2012 წელს, საქართველოს ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო, 2024 წელს - 90 მილიარდ ლარს შეადგენს; 2012 წელს, საქართველოს ბიუჯეტი 8.5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს თითქმის 28 მილიარდი ლარია; 2012 წელს უმუშევრობა 26.7% იყო, 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი განახევრებულია; 2012 წელს საშუალო ხელფასი 712 ლარი იყო, 2024 წელს კი 2000 ლარს გადააჭარბა; 2012 წელს, პენსია შეადგენდა 125 ლარს. 2024 წელს პენსია დაახლოებით 3-ჯერ არის გაზრდილი, მომავალი წლისთვის კი, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება რომ ჩვენს საყვარელ პენსიონერებს, ყოველთვიურად, 350 და 450 ლარი ჰქონდეთ.
2012 წელს ჩვენი მოსახლეობის 30%, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, 2023 წლისთვის კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის სამჯერაა შემცირებული.
2012 წლის ბოლოს, ფიზიკური პირების მიერ ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შეადგენდა 846 მილიონი ლარს, დღეის მდგომარეობით მონაცემი თითქმის 13-ჯერ გაიზარდა და 10 მილიარდ 700 მილიონი ლარია.
2012 წლის ბოლოს, ფიზიკური პირების მიერ, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შეადგენდა 3 მილიარდ 26 მლნ ლარს, დღეის მდგომარეობით მონაცემი 6-ჯერ არის გაზრდილი და 18 მილიარდ 780 მილიონ ლარს შეადგენს. ასეთი პროგრესი არა მხოლოდ ადამიანთა შემოსავლის ზრდას ადასტურებს, არამედ ნათელი მაგალითია, თუ რა დონეზე გაიზარდა სანდოობა სახელმწიფოს და „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ.
2012 წლამდე, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის პრობლემა გაღატაკებას ან პრაქტიკულად, დაღუპვას ნიშნავდა, „ქართული ოცნების“ საამაყო - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან მოყოლებული კი, ბიუჯეტიდან, საქართველოს 3 მილიონ 300 ათას მოქალაქეს ვუმკურნალეთ!
2012 წელთან შედარებით, არნახული ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით - მთელი საქართველოს მასშტაბით, შენდება უმაღლესი სტანდარტის, 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალები! მოხდა რკინიგზის მოდერნიზაცია და მისი გამტარუნარიანობის ზრდა; გაიზარდა და იზრდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთა ნაკადი; იწყება ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ანაკლიის პორტის მშენებლობა!
2012 წელს, ტურიზმის შემოსავალი 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი იყო; 2024 წელს კი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს;
2012 წელთან შედარებით, არნახულად გაიზარდა დაფინანსება სოფლის მეურნეობის მიმართულებით; 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გლეხები და ფერმერები თავისუფლად სარგებლობენ სპეციალურად მათზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით; შედეგად, რეალობიდან, როდესაც ღვინის სამშობლოში კახელი გლეხი ვაზს ჩეხავდა, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ვენახების ფართობი მთელ საქართველოში 70%-ით არის გაზრდილი! 6-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, ღვინის ექსპორტი კი 65 მილიონი დოლარიდან - 259 მილიონი დოლარი გახდა; 2012 წელს ჩვენი მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 350 მილიონ ლარს მიაღწია;
2012 წლის შემდეგ, აშენდა: 63 ჰიდრო ელექტრო სადგური, 2 თბო ელექტრო სადგური და 1 ქარის ელექტრო სადგური; არსებული გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა!
2012 წელთან შედარებით, 4 ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება; თვისობრივად გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და რაც მთავარია, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება.
2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა; „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.