2-11-2018
ახალციხის ქუჩებში ღამით სახემოხატული ბავშვები დადიან, მათ თან გოგრა აქვთ, რომელშიც ცეცხლი ანთია. ბავშვები ამბობენ, რომ ასე იმ სულებს აშინებენ, რომლებიც ეშმაკს სცემენ თაყვანს.
ახალციხეში ჰელოუინის დღესასწაულს მოსწავლეები აქტიურად აღნიშნავენ. ისინი სხვადასხვა საშიშ ფორმაში ეწყობიან, სახეს იხატავენ ან თავზე ნიღაბს იცვამენ და დიდებს აშინებენ, თან მათ ტკბილეულს სთხოვენ.
„ხალხს ვეკითხებით – ხეირი თუ სეირი? თუ ხეირს გვეტყვიან, ტკბილეული უნდა მოგვცენ და თუ სეირს გვეტყვიან, ვაშინებთ. პირველად მივიღე მონაწილეობა და ძალიან მომეწონა, მეგობრებთან ერთად კარგად გავერთე“, – გვიყვება მეშვიდე კლასელი მიშა ლიჩელი.
ბავშვებს განსხვავებული სამოსის მოძიებასა და ფორმების იდეების მოფიქრებაში მშობლები ეხმარებიან.
„ასე უცნაურად გამოწყობაში მშობლები ძალიან გვეხმარებიან. ვიცი, რომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით იკრიბებოდნენ სულები და თაყვანს სცემდნენ ეშმაკს. ცრუ რწმენაა, მაგრამ ჩვენ მათი შეშინების მიზნით მოვიხატეთ სახეები. მე მაგალითად ჯოკერი დავიხატე. ხალხი იცინის ჩვენ დანახვაზე ქუჩაში და ვმხიარულობთ ყველა ერთად“, – ამბობს ლუკა აზირაშვილი.
ირაკლი კაჭკაჭაშვილი ჰოლოუინს მეგობრებთან ერთად უკვე მეორე წელია აღნიშნავს: „დედა დაგვეხმარა სახეების მოხატვაში. მე ანიმაციის, „კოკოს“ ერთ–ერთი გმირი ვიყავი. ჰელოუინის მიხედვით, უნდა ჩაიხატო და ხალხი შეაშინო, თან სახლებში იარო და ტკბილეული შეაგროვო“.
ახალციხეში, ჰელოუინს აღნიშნავენ ამერიკის კუთხეშიც. აქ უკვე ერთი კვირაა რაც სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. დასკვნითი წარმოდგენა ხვალ, ორ ნოემბერს გაიმართება.
„წარმოდგენაზე ბავშვები იქნება უცნაური სამოსით და კოსტიუმებით. გვაქვს სპეციალურად დამზადებული მოსაწვევები, ამ მოსწავევს ვისაც გავუგზავნით, ჩვენთან სტუმრად ტკბილეულით უნდა მოვიდეს“, – ამბობს ამერიკის კუთხის კოორდინატორი ახალციხეში ზაირა კელაპტრიშვილი.
ჰელოუინს წარმართულ დღესასწაულს უწოდებენ, მისი მიზანი სულების დაშინება და განდევნაა. ეს დღესასწაული ძველ კელტთა ტომიდან იღებს სათავეს, ისინი სავსემთვარეობას კოცონის დანთებით აღნიშნავდნენ, შემდეგ ცეცხლი სახლებში მიჰქონდათ და ბოროტი სულების შეშინების მიზნით გოგრაში ანთებდნენ, რომელსაც ადამიანის სახე ჰქონდა. კელტები, ასევე, იკეთებდნენ შემაძრწუნებელ ნიღბებს, რათა ბოროტი სულები შეცდომაში შეეყვანათ და თავი მოეჩვენებინათ, თითქოს ისინიც სულები იყვნენ და ამგვარად დაეღწიათ მათგან თავი.
სულებისგან თავის დაღწევის მიზნით კელტები მოსახლეობაში ტკბილეულსაც აგროვებდნენ და იმით უმასპინძლდებოდნენ მათ.
ეს დღესასწაული მე–19–ე საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკაში ირლანდიელმა მიგრანტებმა გაავრცელეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები საუკუნეებია ამ დღესაწაულს აღნიშნავენ, ის არ ითვლება ოფიციალურ დღესასწაულად. თუმცა ეს სრულებით არ უშლის ხელს იქაურ მოსახლეობას დახარჯონ უამრავი ფული გოგრებში, საკარნავალო ტანსაცმელში, სანთლებსა თუ მისალოც ბარათებში.
დღესასწაულს მოსახლეობა 31 ოქტომბრს აღნიშნავს.