25-10-2024
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი დავით გალუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელიც TV პირველზე გასულ გადაცემას "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსს პასუხობს.
დავით გალუაშვილი ბაჩიაშვილის მხრიდან თემის პოლიტიზირებაზე საუბრობს.
„გავეცანი TV პირველზე გასულ გადაცემას "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი და მიანიშნებს რომ თითქოს ბატონი ბიძინა პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული (პოლიტიკურ თემებთან მე არ გავაკეთებ კომენტარს). რადგან გიორგი ბაჩიაშვილი გახლდათ იმ კომპანიის მენეჯერი და მთავარი ფინანსისტი, რომელ კომპანიასაც დღეს მე ვხელმძღვანელობ, არ შემიძლია დავტოვო კომენტარის გარეშე ანონსში გაჟღერებული საკითხები. პირველ რიგში აქცენტს გავაკეთებ იმ ფაქტზე, რომ თუ ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს აღნიშნულის შესახებ ახლა, ზუსტად არჩევნების წინა ღამეს, როდესაც არ რჩება დრო პასუხისათვის ბატონი ბიძინას მხრიდან. როგორ შეეძლო ბაჩიაშვილს დაემალა ასეთი ტიპის „დანაშაული“ და მხოლოდ არჩევნების წინ გაემჟღავნებინა ის.
მებადება ბევრი ეჭვი, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემების პოლიტიზება და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნები“- აცხადებს გალუაშვილი. ასევე, თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი საზოგადოებას გიორგი ბაჩიაშვილის მენეჯერული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის, როდესაც ის მართავდა აღნიშნულ ფონდს. მისივე თქმით, არჩევნების წინა ღამეს, ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მისამართით ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს. „სწორედ ამ განცხადების საფუძველზე, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია გიორგი ბაჩიაშვილის მენეჯერული საქმიანობის შესახებ, როდესაც ის მართავდა თანაინვესტირების ფონდს. იმ ხუთ საინვესტიციო პროექტში, სადავ თავად ბაჩიაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას პროექტის შეძენის და შემდგომი მართვის კუთხითაც, და ზუსტად ვიცი, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილების მიღებაში ინვესტორი არ ჩარეულა, 12 წლის წინ 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტია ინვესტირებული.
საზოგადოებისთვის ადვილი გასაგები რომ იყოს, პროექტში ჩადებული ინვესტიციიდან ინვესტორი ჩადებული თანხის გაორმაგებას ელოდება 5-10 წლის განმავლობაში, გააჩნია სახელმწიფოში როგორი ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობაა. საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული ვადა საშუალოდ 6-8 წელიწადია. დარწმუნებული ვარ დამეთანხმებიან ფინანსური წრეებში მოღვაწე ადამიანები. შესაბამისად, მარტივი გამოსათვლელია, რომ 12 წლის წინ განხორციელებული ინვესტიციების ღირებულება დღეს უნდა აღწევდეს დაახლოებით 900 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა პროექტების დღევანდელი ღირებულება ისევ 300 მილიონი აშშ დოლარია! ანუ ზუსტად იმდენი, რაც 12 წლის წინ! აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის „მაქინაციებზე“ მიანიშნებს, უნდა ავღნიშნო, რომ ზ/ა პროექტებიდან ერთ-ერთი, „მტკვარი ჰესი“, რომელსაც თავიდან ბოლომდე ბაჩიაშვილი მართავდა, დაგეგმილ ბიუჯეტზე გადახარჯულმა თანხამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა! შევახსენებ საზოგადოებას, რომ სწორედ ამ საქმეს პროკურატურა იძიებს და გიორგი ბაჩიაშვილი დღესაც გამოძიების ქვეშაა. მე ვერაფერს ვიტყვი ბიტკოინების საქმის შესახებ, გარდა იმისა რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, როდესაც ბაჩიაშვილმა ბატონ ბიძინას კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა და საქმე სასამართლოშია. სწორედ ამ დროს, არჩევნების წინა ღამეს, გამოდის ბაჩიაშვილი და აკეთებს ასეთი ცილისმწამებლურ განცხადებებს.“ - აცხადებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი დავით გალუაშვილი.