26-10-2024
"მე მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე" - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
მთაწმინდის საარჩევნო უბანზე ივანიშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
„არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი, ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს.
თანაც წლევანდელი არჩევნები და დღევანდელი არჩევნები გამორჩეულია იმით, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას. სამეზობლოში ომია, იმ ქვეყანას კი, რომელსაც მართავს აგენტურა, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. ამას არ დასჭირდება დიდი დრო, მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და ქვეყნის ნანგრევებს“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის თქმით, ჩვენ ამ არჩევნებით უნდა მოვახერხოთ ხარისხობრივად ახალი საზოგადოება მივიღოთ, სადაც არ იქნება ანტაგონიზმი და სიძულვილის ენა.