გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

26-10-2024

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 

"ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.  გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს დაიცვან კანონმდებლობა, ნუ ჩაერევიან კომისიების ფუნქციებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. მედიის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობისას ფოტო-ვიდეო გადაღების დადგენილი წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

 

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი,  მედია ორგანიზაციებს 2 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

  

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად. ბიულეტენების გადაცემის პროცესში  მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.  

 

ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო კაბინაში ბიულეტენის გადაღების და გასაჯაროების ფაქტი. როგორც მოგეხსენებათ ფარული კენჭისყრის კაბინაში იკრძალება ფოტო და ვიდეო გადაღება და შესაბამისად ვთხოვთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს ნუ წაახალისებენ აკრძალულ ქმედებას.

 

გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 10:00 საათის მდგომარეობით.  ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს.

 

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

 

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,  დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

 

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება" - აცხადებენ ცესკო-ში.