27-10-2024
ამჯერად მობილიზაცია იყო მაქსიმალური და ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა რეგიონებში არ დაიჯერა, რომ ხელისუფლება იცვლება, - წერს დავით ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის მობილიზაცია, რომელიც გამყარებულია ხელისუფლების ძლიერების და უცვლელობის რწმენით, არჩევნების ბედს არჩევნებამდე ბევრად ადრე წყვეტს. რაც შეეხება ოპოზიციას, ზურაბიშვილის განცხადებით, ამომრჩეველმა არ დაიჯერა, რომ არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის იყო გასაკეთებელი.
„ცოტა დეტალურად არჩევნების შედეგებზე.
ოპოზიციამ მოიგო თბილისი და რუსთავი, არც ისე დიდი უპირატესობით მაგრამ მაინც, დიდი უპირატესობით მოიგო დიასპორა, მცირედით დამარცხდა ქუთაისში, ბათუმში და წალენჯიხაში და დიდი უპირატესობით წააგო მთელ დანარჩენ საქართველოში.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
უპირველეს ყოვლისა იმას, რომ შეუძლებელია განწყობებს შორის ასეთი კატასტროფული სხვაობა იყოს და თბილისში სხვა ქართველები ცხოვრობდნენ, რეგიონებში სხვა და საზღვარგარეთ სულ სხვები იყვნენ წასული. ძალიან დიდი დისპროპორციაა. ცხადია აქ მანიპულაციას და გაყალბებას აქვს ადგილი, თუმცა ეს მანიპულაცია და გაყალბება არ არის არჩევნების დღეს კარუსელების ტრიალი, ჩაყრები ან თუნდაც პირადობის მანიპულაციები. ეს ყველაფერი შეიძლება იყო, მაგრამ არა მასობრივი ხასიათის. მასობრივი რომ ყოფილიყო, წინასწარ იქნებოდა ამაზე ხმაური ატეხილი ან თუნდაც არჩევნების დღეს. ერთადერთი აქ შეიძლება ეფექტიანი იყოს ბიულეტენების გაუქმება, თუმცა აქაც დასათვლელია რამდენად არსებითი ზეგავლენა მოახდინა გაუქმებულმა ბიულეტენებმა პროცესზე.
ძირითადად კი ხელისუფლების იარაღი არჩევნების დროს არის ამომრჩევლის სრული აღნუსხვა-დამუშავება. ხელისუფლებამ იცის რა განწყობებია თითოეულ ოჯახში და ამის მიხედვით ხდება არა მხოლოდ საკუთარი მომხრეების მობილიზაცია, არამედ ვიღაცეების მოსყიდვა, დაშინება, მანიპულირება სოციალურად დაუცველებით და ა. შ.
ეს მეთოდი, რომელიც გამაგრებულია ხელისუფლების ძლიერების და უცვლელობის რწმენით, არის უტყუარი და მისი მეშვეობით არჩევნების ბედი წყდება არჩევნებამდე ბევრად ადრე.
ეს მეთოდი არ მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება არ ახდენს სათანადო მობილიზაციას და პროცესი მიშვებული აქვს, როგორც ეს იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ან თუ ხალხი მასობრივად ირწმუნებს ცვლილების შესაძლებლობას და ელემენტარულად მოატყუებს და "გადააგდებს" ხელისუფლებას, როგორც ეს იყო 2012 წელს.
ამჯერად მობილიზაცია იყო მაქსიმალური და ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა რეგიონებში არ დაიჯერა, რომ ხელისუფლება იცვლება. აქ თავისი როლი ითამაშა განუწყვეტელმა პროპაგანდამ და ომით მიყენებულ ტრავმებზე სპეკულირებამ, რაზედაც ოპოზიციას არ ჰქონდა მკაფიო და დამაჯერებელი პასუხი. ოპოზიციამ ვერ შეძლო მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოეჩინა სურათი, რომ ეს არის არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის და არა ომსა და მშვიდობას შორის. ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ეს უბრალოდ არ დაიჯერა.
და ბოლოს, აშკარაა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ჭირდება სერიოზული განახლება და გადატვირთვა. ე. წ. ნაცებს (ნაცმოძრაობა პლუს მათგან გამოყოფილი გვარამია-მელია) ამ არჩევნებში ჯამში აქვთ ოთხას ათასზე ცოტა მეტი ხმა. ეს ციფრი, როგორც მინიმუმი, ფიგურირებს ყველა არჩევნებში რაც კი აქამდე ჩატარებულა. ზოგჯერ მეტი იყო, მაგრამ ნაკლები არასდროს. რაც შეხება დანარჩენ ამომრჩეველს, მათ აშკარად ჭირდებათ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი და ახალი პოლიტიკა, რაც ცალკე თემაა და აქ აღარ განვავრცობ. თუ სადმე საჭიროა ქართულ პოლიტიკაში სერიოზული გადატვირთვა, სწორედ ამ მიმართებით.
ასეთია, ჩემი აზრით ამ არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების მიზეზები. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, აქ ვფიქრობ ბევრი რამ დამოკიდებულია დასავლეთის პოზიციაზე: აღიარებს არჩევნების შედეგებს თუ არ აღიარებს, შეეგუება ივანიშვილის რეჟიმს თუ არ შეეგუება, გამოიყენებს სანქციებს თუ არ გამოიყენებს და ა. შ. და ა. შ. ყოველ შემთხვევაში ოპოზიციისთვის დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანი მგონია, რომ იმოქმედოს დასავლეთთან სინქრონულად და არ დარჩეს გამარჯვებით გულმოცემული ხელისუფლების პირისპირ მარტო. ასევე მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში ის, თუ რამდენად შეძლებს ოპოზიცია დაამტკიცოს არჩევნების გაყალბება, რაც ვფიქრონ დასავლეთის პოზიციასაც გარკვეულწილად განსაზღვრავს.
ასეა თუ ისე, არჩევნებს შედეგები ძალიან სერიოზული დარტყმაა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული პერსპექტივისთვის. რამდენად სერიოზულია ეს დარტყმა და რამდენად შორსაა წამსვლელი ხელისუფლება ავტორიტარიზმის მიმართულებით, შეცდება თუ არა დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობის მეტ-ნაკლებად მაინც აწყობას და რაღაც ფორმალისტურ დონეზე მაინც შეინარჩუნებს პლურალიზმს თუ პირდაპირ რუსეთის წიაღში გადავეშვებით, ამას ყველანი მალე დავინახავთ.
დასასრულ, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაზედაც პოლიტიკოსები ვერ ისაუბრებენ, მაგრამ რამდენადაც მე არ ვარ პოლიტიკაში, ვიტყვი: როგორც ჩანს ჩვენი საშუალო და უფროსი თაობა დიდწილად მაინც პოსტსაბჭოური საზოგადოებაა. ამ ხალხისთვის ოცნების მმართველობა თავისი ბელადით, პატრონ-კლიენტისტური ურთიერთობით და კორუფციით არის გაცილებით ბუნებრივი, ვიდრე პოლიტიკური პლურალიზმი და მრავალფეროვნება. სამწუხაროდ ასეთია ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი და ღირებულებით პლანში მას ბიძინა ივანიშვილსა და ოცნებასთან მეტი თანხვედრა აქვს, ვიდრე ამავე საზოგადოების პროდასავლურ და ლიბერალურ ნაწილთან.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია“, - წერს ზურაბიშვილი.