8-12-2017
ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯოდმარე ახალი ავტომობილით გადაადგილდება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია „ნიუპრესთან“ საუბარში განმარტავს, ავტომობილი მერიას საჩუქრად სათამაშო ბიზნესით დაკავებულმა ერთ-ერთმა კომპანიამ გადასცა. ლატარიას განცხადებით, ავტომომილი მერიამ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად მიიღო.
„დიახ, გადავაადგილდები ახალი ავტომობილით, რომელიც არ არის ჩემი პირადი საკუთრება, მერიისაა. ეს გადმოგვცა ერთ-ერთმა ბიზნესმა საჩუქრად. მან, უბრალოდ, პირობა შეასრულა. არის ასეთი სათამაშო ბიზნესი ქალაქში, „კრისტალ ბეთი“, რომლის ავტომობილები დგას ტურისტული ცენტრის წინ, იმ ფირმამ გადმოგვცა, რომელსაც პირობებში ქონდა, რომ ავტომანქანას საჩუქრად გადმოსცემდა ქალაქს. ამ კომპანიას იჯარით აქვს ადგილი აღებული და დამატებით დაახლოებით 20 000 ლარის ღირებულების ავტომობილი უნდა გადმოეცა. მან ეს პირობა შეასრულა და რადგან მე არ მყავდა ავტომობილი, ვითხოვე და მერიამ გადმომცა“, -განაცხცადა ნიკა ლატარიამ. მისი თქმით, ავტომობილი, რომელიც მის წინამორბედს ემსახურებოდა, შესაკეთებელია. მისი ავტომობილით კი მისი მოადგილეები გადაადგილდებიან.
ენერგოეფექტურ სკვერში "კრისტალ ბეთის" გათამაშების სამი ავტომობილი სექტემბერში განთავსდა. შპს "მარსისათვის" ადგილის გამოყოფის საკითხს მხარი საკრებულომ დაუჭირა. შპს-ს სასყიდლით, გარკვეული პირობებით სკვერში ტერიტორია გამოეყო.
როგორც ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია აცხადებდა, შპს-მ მერიას ადგილის გამოყოფის თხოვნით მიმართა. მერიას შეეძლო პირდაპირი წესით მიეცა ნებართვა, მაგრამ თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საკითხი საკრებულოზე გავიდა. შპს ენერგოეფექტურ სკვერში ავტომობილებს 31 დეკემბრის ჩათვლით დატოვებს და ბიუჯეტში 500 ლარს შეიტანს.
იმ დროისთვის ქალაქის მერს ავტომობილის გადმოცემის შესახებ დადებული პირობა არ უხსენებია.
"ჯერ ავტომობილები დააყენეს და საკრებულოს ნებართვა შემდეგ თხოვეს"
წყარო: newpress