გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შედგა დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა და ყველა შეეგუოს

28-10-2024

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე ხმების დათვლა სრულად დაასრულა. არჩევნების შედეგები უკვე ნათელია, თითქმის 900 ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ აჯობა შემდეგ პარტიას, რომელიც მეორე ადგილზეა ამ არჩევნებში და ეს არის ქართველი ხალხის, დიდი გამარჯვება, რომელმაც, ფაქტობრივად გაიმეორა ის ნაბიჯი, რომელიც ხალხმა 2012 წელს გადადგა, გაუსწორა რა თვალი იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ რეალობა იყო და მოიცილა ეს საფრთხეები, ხოლო, ამ არჩევნებზე იყო რისკი, რომ განმეორდებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


პაპუაშვილის თქმით, ღიად შეიძლება ითქვას, რომ "ედისონ რისერჩმა" გააყალბა ეგზიტპოლი. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იქნეს შესწავლილი.


„დიდი იმედი არა, მაგრამ, გულის კუნჭულში მქონდა მაინც იმედი, რომ 2020 წელივით არ მომიწევდა გამოსვლა და ტყუილების მხილება, მაგრამ, გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების მეორე დღისთვის. ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მთელი ეს პერიოდი ზუსტად ამით იყვნენ დაკავებული და გამართლდა ის, რაც ჩვენ ვთქვით: გამართლდა ის, რომ მათ არ სურთ აღიარონ ხალხის ნება, გამართლდა ის, რომ ისინი არ აპირებენ მიიღონ ის მანდატი, რომელიც ხალხმა გადასცა.


გამართლდა ის, რომ ამ ლოგიკიდან არ ამოვარდებოდნენ - 2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი, 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ რომ ეღიარებინათ მარცხი, 2020 წელს არ აღიარეს და რამდენიმე თვე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი და ახლაც იგივე მდინარეში შევიდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც იგივე აღიარება მოუწევთ.


ახლა რაც შეეხება დეზინფორმაციებს, რომლებიც ასე უკვე შეჩვეული ვართ, რომ ვრცელდება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ადრე გვქონდა, ძირითადი მანიპულაცია რასაც ოპოზიცია აწარმოებდა იყო ბიულეტენები, ოქმები, გახსოვთ ფრიალი და ასე შემდეგ, ჩაიხსნა მთლიანად იმიტომ, რომ ჩვენ შემოვიღეთ ელექტრონული სისტემა და ახლა გადავიდა სხვა სახის მანიპულაციებზე. ვნახოთ რა არის ეს: პირველი- "ედისონ რისერჩის" გაყალბებული ეგზიტპოლები.


ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადასტურა, რომ მათი დათვლა და ცესკოს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია უკვე ღიად ვთქვათ, რომ "ედისონ რისერჩმა" გააყალბა ეგზიტპოლი. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იქნეს შესწავლილი.


რა თქმა უნდა, მან საკუთარ რეპუტაციას მიაყენა მძიმე დარტყმა, ფაქტია, რომ ამის უკან სავარაუდოდ დგას რაღაც უკანონო გარიგება, რომლის მიზანი რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქნებოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დისკრედიტაცია. ასე რომ ეს არის ერთი ფაქტი და ზუსტად ამას იყენებდა ოპოზიცია და მათ შორის, უცხოელი აქტორები იმისთვის, რომ გაეტარებინათ ცრუ ნარატივი, თითქოს მოხდა გაყალბება და ასე შემდეგ. თქვენ ხედავთ სქრინზე გიორგი კანდელაკი, რომელიც ორმაგი ფუნქციის მატარებელი არის ჩვენს საზოგადოებაში. ის ერთის მხრივ არის პოლიტიკოსი და მეორეს მხრივ არის ენჯეოს წარმომადგენელი, უცხოური დაფინანსებით მოქმედი პოლიტიკოსია შეგვიძლია ასე ვთქვათ და გამოირჩევა იმით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს ხოლმე და ის თავის სოციალურ მედიაში აქვეყნებდა ზუსტად ამ შედარებას, თუ როგორი აცდენა არის ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის და ამით ამყარებდა ცრუ ნარატივს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მოხდა გაყალბება. რომელსაც ასევე იზიარებს ქალბატონი ლორა თორნტონი. როგორც იცით ის გახლავთ ავტორი იმ ანგარიშისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წარედგინა ამერიკაში, სადაც ზუსტად აღწერილი არის ის სცენარები და გახსოვთ, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რაც დღეს ხდება.


გახსოვთ თქვენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნებს, მიუხედავად ამისა უნდა იყოს პროტესტები და ამას უნდა მიაქციონ ყურადღება და მხარი დაუჭირონ სხვადასხვა პოლიტიკოსებმა. და ვხედავთ, რომ ის მთლიანად ჩართული არის ტყუილის, ცრუ ბრალდებების გავრცელებაში ეგზიტპოლთან დაკავშირებით და არის მონაწილე დემოკრატიული არჩევნების დისკრედიტაციისა. კიდევ ერთხელ, თავად „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურმა დათვლამ დაადასტურა, რომ "ედისონ რისერჩმა" გააყალბა განზრახ ეგზიტპოლები და ამით იყო მცდელობა, რომ შემოეტანათ შფოთი, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში და დისკრედიტაცია მოეხდინათ არჩევნების.


მეორე საკითხი შეეხება თავად აპარატურას, თქვენ გახსოვთ როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია რაიმე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით და გუშინ ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ მოხდა აპარატურით მანიპულაცია, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლიდან როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, იმისთვის, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და მათ ემოციებზე ითამაშონ ეს არის რა თქმა უნდა გაუგონარი ამბავი და ხედავთ, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართული არის იმ სცენარში, რასაც ჰქვია ქვეყნის არევა ოპოზიციასთან ერთად და ჩვენ გვესმოდა, რომ დუბლირებული სიები, აპარატი სხვის ხმებს ათვლიდა ქართულ ოცნებას ორმაგი ხმის მიცემა ხდებოდა, მონიშნულები იყო ბიულეტენი, ყველა ეს საკითხი, არცერთი ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, იცით, რომ აპარატურასთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის იყოს წინასწარ შერჩეული ჩაატარა აუდიტი, არანაირი რაიმე შეუსაბამობა აპარატურასთან დაკავშირებით არ არის და ვერც იქნებოდა, თან თავადაც ამბობდნენ, რომ შეუძლებელი იყო იქ რამე მომხდარიყო, უბრალოდ ეს არის როცა დავალებას იღებ, რომ უნდა არიო ქვეყანა მაშინ ყველანაირ ტყუილს იგონებს.


მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს, ასევე დაადასტურებდა ISFED-ის პარალელური დათვლის ანგარიში, რომელსაც ISFED მალავს. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ მათ გადააცილეს დრო, განმეორდა ზუსტად 2020 წლის სცენარი, მაშინაც დააგვიანეს პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება, როგორც წესი ეუთოს ანგარიშამდე არის ხოლმე, როგორც წესი კი არა მათი მეთოდოლოგიით ასე ხდება გამოქვეყნება 12 საათზე ანგარიშის და მაშინაც გადააცილეს, იმიტომ რომ აყალბებდნენ პარალელური დათვლის შედეგებს და ვერ გადაეწყვიტათ რა ციფრები დაესვათ ზუსტად და წელსაც განმეორდა ზუსტად იგივე ISFED ზუსტად იგივე სკანდალში გაეხვია, როგორც 2020 წლის გაყალბების სკანდალი იყო, ისინი არ აქვეყნებდნენ შედეგებს, მას შემდეგ რაც მოიკითხა სხვადასხვა სუბიექტმა რა ხდება პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით, მათ საბოლოოდ გუშინ გვიან ღამით, გაავრცელეს განცხადება და რა თქმა უნდა ვერ გაექცეოდნენ იმას და იმ განცხადებაში თქვეს, რომ ემთხვევა მათი დათვლის შედეგები ცესკოს დათვლის შედეგებს, თუმცა დანარჩენი დეტალები, რომლებიც ზუსტად აი ამ საკითხებთან არის დაკავშირებული მათ დამალეს და არ უნდათ რომ საზოგადოებას აცნობონ, ამიტომ მოვითხოვთ, რომ ISFED-მა გაასაჯაროოს სრულად პარალელური დათვლის შედეგები, შეგახსენებთ გუშინ NDI-ის სადამკვირვებლო მისია, რომ ატარებდა ბრიფინგს მისმა ხელმძღვანელმა მიუთითა კიდევაც, რომ ისინი ელოდნენ ISFED-ის პარალელური დათვლის ანგარიშს, ასე რომ ეს ახლა უკვე NDI-ის პასუხისმგებლობა არის, ვინაიდან ის მათი მეთოდოლოგიით ტარდება, რომ მოუწოდონ და აიძულონ ISFED, რომ გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში, რომელშიც ზუსტად იქნება ყველა ის სიყალბე, რომელსაც ახლა აბრალებს ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორი საქართველოს. ამიტომ წინა ჯერზე თუ NDI გაექცა თავის პასუხისმგებლობას, როდესაც ყალბი რიცხვების გავრცელება ხდებოდა ამ ჯერზე მათ უნდა გამოასწორონ ის შეცდომა, რომელიც მაშინ დაუშვეს.


ასევე შეგახსენებთ, რომ ISFED ამ პარალელურ დათვლას, ისევე როგორც 2020-ში USAID-ის დაფინანსებით, გახსოვთ რომ 2020-ში შემდეგ გაირკვა რომ USAID-მა იცოდა რომ ISFED ავრცელებდა ყალბი დათვლის შედეგებს და გვიმალავდა ამას ამიტომ წელს იქ ხელმძღვანელობა შეცვლილი არის და მაშინდელი ხელმძღვანელობა ამას მალავდა, ახლა ახალი ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ მათ უნდა მოუწოდონ ISFED-ს, რომ გამოაქვეყნონ პარალელურ დათვლის სრული ანგარიში და არ დაუმალონ ქართველ ხალხს ის მხილება, რომელიც ამ ანგარიშში იქნება ოპოზიციის და ზოგიერთი ენჯეოების მიმართ.


შემდეგი, ასევე ვრცელდებოდა, ვიღაცამ თავი შეიწუხა და დეზინფორმაციული ქარდიც კი ააწყო, ამ დონეზე არის ეს დეზინფორმაციული კამპანია აწეული - ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით. ადამიანებმა ელემენტარულად რომ არ იციან, რომ მოსახლეობასა და მოქალაქეობას შორის სხვაობა არის, თან თავად საუბრობენ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე და მოსახლეობაში რომ იგულისხმება ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და არიან აღწერილი, ხოლო, მოქალაქეებში იგულისხმება, როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე ქვეყნის გარეთ მყოფი ადამიანები.


ეს მარტივი უცოდინარობა იქნებოდა წესით, თუმცა, ამას ვერ დავუშვებთ, სადაც ამ ქარდისთვის იწუხებენ თავს და არითმეტიკას მიმართავენ, დიდი ალბათობით, ძალიან კარგადაც იცოდნენ რა ხდება, ამაზე იყო გუშინ განმარტებები და იუსტიციის სამინისტრო დამატებით განმარტებებსაც გააკეთებს, თუ საჭირო იქნება. ანუ აბსოლუტური ტყუილია, მოსახლეობა ადგილზე სხვა რამეა, მოქალაქე უფრო დიდი ციფრია და ეს დიდი ხანია ყველამ იცის, რომ ამომრჩეველთა რაოდენობასა და ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობას შორის არის სხვაობა.


შემდეგი: გუშინ, „მთავარ არხზე“, ნიკა მელია ძალიან გახარებული ავრცელებდა სასულეებს. აქ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ, ცოდნა არ ჰყოფნის ამ ადამიანს, რომ ისაუბროს, თორემ, ისეთ ტყუილს რატომ იტყოდა, რომელიც 5 წამში შეგიძლია ადამიანმა ამხილო. კერძოდ, ის ამბობდა, რომ გადასატანი ყუთებით მოხდა მანიპულაცია, რომ საქართველოში 64 000 მოქალაქე როგორ შეიძლება ცუდად ყოფილიყოო და მიაწერეს საკუთარი ამომრჩევლებიო, რატომ უნდა მიაწერო, როდესაც ამომრჩეველს შეუძლია უბანზე მივიდეს და იქ მისცეს ხმა, მოკლედ, ნორმალურად ვერც ხსნიდა. და მათ შორის, წალენჯიხაში, 700 ადამიანი იყოო და წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი მიაწერეს ამ ყველაფერსო. ხომ მარტივი სტატისტიკაა, 2024 წელს, 64 000 მოქალაქე იყო ნამდვილად, ეს რიცხვი კი სწორად ჰქონდა, მაგრამ დანარჩენი ცოდნისთვის მას როგორც ჩანს არ ეყო სათანადო - არ ვიცი რა შეიძლება ჰქონოდა.


2021 წელს თუ შევხედავთ, იყო 74 000 ადამიანი უფრო მეტი და კიდევ უფრო მეტი იყო 2020 წელს გადასატან ყუთებზე რეგისტრირებული მოქალაქეები. ასეთი აბსურდია და მაინცდამაინც, თუ საქართველოს დიდ მასშტაბებს ვერ თვლის და ვერ სწვდება ბატონი მელიას კალკულატორი, წალენჯიხაზე რომ საუბრობდა, იმასთან დაკავშირებითაც გეტყვით, 696 იყო წელს რეგისტრირებული გადასატან ყუთზე, 2021-ში 778 - აი, საოცრება, უფრო მეტი ყოფილა ადგილობრივ არჩევნებზე და 682 ყოფილა 2020 წელს. ასეთი მარტივი ტყუილებით ატყუებენ შემდეგ შიგნით თუ გარეთ ადამიანებს და მათი პოლიტიკური მომხრეები, შემდეგ ძალიან ადვილად იტაცებენ ასეთი სახის დეზინფორმაციებს.


შემდეგი - რაც შეეხება ძალადობასთან დაკავშირებულ ფაქტებს, რაც ასევე ტყუილი იყო. ყველა ვადევნებდით თვალ-ყურს რა ხდებოდა. იყო რამდენიმე იზოლირებული ინციდენტი. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენი მონაცემები რომ არ იყოს, მომყავს სახალხო დამცველის მიერ საკუთარი დაკვირვებით, შეტყობინებით და მედიაზე დაკვირვებით გამოქვეყნებული ინციდენტების სია. ყველა ინციდენტი, მსუბუქი იქნებოდა თუ არა. მისი ანგარიშის მიხედვით, 10 ინციდენტი იყო სულ ზოგადი ხასიათის და სამი ინციდენტი იყო მედიასთან დაკავშირებული - სულ 13 იყო. ამ ინციდენტებს შორის იყო ჩვენი პარტიის წევრზე თავდასხმის ფაქტი, ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მხრიდან, რომელიც თავს დაესხა მამაკაცი ქალს და იძალადა მასზე. ასევე, იყო ისანში შემთხვევა სადაც ჩვენს მხარდამჭერებზე იყო ძალადობა. ასე რომ ეს ერთი ტყუილიც, რაც შეეხება ძალადობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას. შემდეგი - წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე ვამბობდით და ვაფრთხილებდით ასევე წინასწარ, რომ ვერაფერი ვერ ექნებათ მათ სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით.


ის ტიპური სპეკულაცია, რაც ადრე ჰქონდათ ხოლმე ბიულეტენებთან, ოქმებთან - ეს ყველაფერი ჩავხსენით ამ აპარატურით და რომ ისინი დაიწყებდნენ სპეკულაციას წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირის შუალედურმა დასკვნამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ყველა ამ სპეკულაციას და დეზინფორმაციას დაუსვა წერტილი, თქვა რა, რომ იყო მშვიდი, კონკურენტული წინასაარჩევნო გარემო და ერთადერთი, რაზეც ის მიუთითებდა, იყო პოლარიზაცია და პოლარიზაცია მედიაში.


ასე რომ, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს აქვს მყარი, მკაფიო პოზიცია. ნებისმიერი მცდელობა რომ არჩევნებამდე მივიდნენ, თან მოიგეს, იზეიმეს და რომ ნახეს, წაგებული არიან, ახლა გაახსენდათ, რომ მოდი, ვისაუბროთ, რა მოხდა აგვისტოში თუ სექტემბერში. შეგახსენებთ, რომ ზუსტად მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა დაიდო, რომელშიც საუბარი იყო, რომ მშვიდი გარემოა, არანაირი ინციდენტი, ადმინისტრაციულ რესურსზეც არაფერი რომ არ იყო, ზუსტად მეორე დღეს დაიწყეს ყალბი კამპანია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, რომელზეც დღემდე ვერც ფაქტები წარმოადგინეს და რაც მთავარია, ვერც ახსნა წარმოადგინეს, საერთოდ რა თემა იყო ეს. შეგახსენებთ, რომ იგივე კამპანია იმავე ენჯეოებს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და სხვებს, ჰქონდათ 2018 წელსაც, 2021 წელსაც და ყველა ეს სიყალბე იყო მხილებული. ასე რომ, არავის ვურჩევ, რომ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით სპეკულაციით დაკავდეს. ამაზე არის მკაფიო პასუხი ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშში.


და ბოლოს, მთავარი რასაც ვერ ხვდება ოპოზიცია, ენჯეოები და მათი უცხოელი მფარველები, არის ის, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ხალხი წყვეტს რამეს. არა ის, თუ ვისგან ფინანსდები, არა ის, თუ რომელი უცხოელი გეხუტება და გაქებს, არა ის, თუ სოციალურ ქსელში რამდენი მოწონება გაქვს და ა.შ., არამედ ქართველი ხალხი, რომელიც მოდის არჩევნებში და ეს არის ზუსტად დემოკრატია. და ქართველმა ხალხმა, ამ არჩევნებში თავისი სიტყვა თქვა.


როცა ამბობენ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, თავის თავზე რას ამბობენ ხომ? მთელი დღე ამბობდნენ, აქტივობაა, საცობები არის თბილისის გასასვლელშიო, რომელიც აღმოჩნდა, რომ თბილისის შემოსასვლელში იყო გადაღებული ერთი წლის წინ და ხომ ამბობდნენ, რომ მათი ამომრჩევლები იყვნენ ეს ყველა? და რა არის ფაქტი? - ფაქტი არის ის, რომ თუ შევადარებთ 2021 წლის არჩევნებს, 62 703 ადამიანის მხარდაჭერა დაკარგეს მათ. ეს წლები, ქართველი ხალხი აკვირდებოდა ოპოზიციას, უყურებდა, როგორ იქცეოდა, რას აკეთებდა, ნახეს მათი რადიკალიზმი, ნახეს, რომ ისინი პარლამენტში არაფერს აკეთებდნენ და პარლამენტის სხდომების ნახევარი გაცდენილი აქვთ საერთოდ და სადაც იყვნენ, იქაც სკანდალებისთვის თუ შემოდიოდნენ.


ნახეს, რომ ქართველი ხალხის ინტერესს კი არ ატარებენ, დადიან უცხოეთში და იმათ სასიამოვნოდ გეგმავენ დღის წესრიგს. რაც მთავარია, ნახეს, რომ წინასაარჩევნო კამპანია მათ საერთოდ არ ჩაუტარებიათ. მედიის წარმომადგენლები აქ ხართ და გაიხსენეთ, რეგიონში საერთოდ დადიოდნენ, შედიოდნენ ოჯახებში? ესაუბრებოდნენ მათ? მოიკითხეთ ნებისმიერ რეგიონში, ერთი-ორჯერ ჩავიდოდნენ კამერით, დადგებოდნენ თავიანთ მხარდამჭერებთან, გადაიღებდნენ ფოტოებს, ლამაზ-ლამაზ, ჭრელა-ჭრულა ფოტოებს, დადებდნენ „ფეისბუქზე“ და ეს იყო მათი კამპანია. მათი კამპანია იყო ტელევიზიით და მთავარი კამპანია იყო უცხოეთიდან განცხადებები. ყოველ დღე, ნახეთ სტატისტიკა, საშუალოდ ხუთი სხვადასხვა უცხოელი აქტორი აკეთებდა განცხადებას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით და ამით ქმნიდა საინფორმაციო საფუძველს რაღაცების განხილვის.


არანაირი კამპანია არ უწარმოებიათ და როგორ უნდა მიეღოთ ხმები? შეხედეთ ამ არჩევნების მონაცემებს და ყველა რეგიონში, თბილისში მათ შორის, დიდის ამბით რომ ამბობენ თბილისთან დაკავშირებით - თბილისი „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, გვაქვს პირველი ადგილი, როგორც პარტიას თბილისში და თბილისში, თითქმის ყველა უბანში გავიუმჯობესეთ შედეგები და მთლიანად თბილისის შედეგები გავაუმჯობესეთ 2020 წლის არჩევნებთან შედარებით. აი, ეს არის თბილისის პასუხი ოპოზიციისთვის, ეს არის ქუთაისის პასუხი, ეს არის, მათ შორის, წალენჯიხის პასუხი, სადაც ასევე გაუმჯობესდა შედეგები, ზუგდიდის პასუხი, სადაც დამანგრევლად წააგო ოპოზიციამ, ბათუმის პასუხი, კახეთის პასუხი - კახეთიდან რომ კიდევ ხმებს ელოდებიან, მას შემდეგ, რა შეურაცხყოფაც მიაყენეს მას. ყველგან შეხედეთ, როგორი გაზრდილია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, იმიტომ რომ ნახეს, რომ [ოპოზიცია] მათ ინტერესში არ მოქმედებს და დაკარგეს კიდეც ხმები. თუ „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ, რომ ხმა მიიწერა, სად გაქრა ეს ხალხი? ეს 62 000 სად გაქრა, ამოშალა ვინმემ? მათი ბიულეტენები ვინმემ გადაყარა? ISFED –მა ხომ თქვა, რომ ყველაფერი სწორად არის დათვლილი? სად გაქრა ეს ხალხი? ეს ხალხი გაქრა იქ, რომ დაინახა, რომ ეს უსამშობლო პარტიები, უსამშობლო ხალი, რომელთაც სურთ,რომ სხვისი დიქტატის ქვეშ ამყოფონ ეს ქვეყანა, მათ მანდატს არ მისცემს.

და ნახეთ „ქართული ოცნების“ შედეგები, რომელმაც, თუ 2020 წელს შევადარებთ, 190 000-ით მეტი ადამიანი მოვიდა, ქუდზე კაცი გამოვიდა და ეს შედეგი ვნახეთ, ზუსტად იმიტომ, რომ ყველა უკლებლივ, დაწყებული პარტიის საპატიო თავმჯდომარიდან, გაგრძელებული თითოეული წევრით, ყველა დაკავებული ვიყავით იმით, რომ ხალხს ვხვდებოდით, მათ ვესაუბრებოდით, მათი ლხინი, მათი გასაჭირი გვაინტერესებდა და ვესაუბრებოდით იმაზე, თუ რას ვაპირებდით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. 190 000 ხმით მეტი გვაქვს მიღებული 2020 წელთან შედარებით, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით და თუ შევადარებთ 2012 წელს, ფაქტობრივად, გავიმეორეთ 2012 წლის შედეგი.


ასე რომ, ეს არჩევნები ზუსტად იმავე ეგზისტენციალურ საკითხებს ეხებოდა, რაც 2012 წელს. მაშინაც, მეორე მხარეს იდგა რეჟიმი, რომელიც უცხოეთიდან იმართებოდა, რომელიც წამების სისტემას ქმნიდა, რომელმაც ეს ქვეყანა გაატარა ომის ქარცეცხლში, 300 000 მოქალაქე გაატარა ციხეების ქარცეცხლში. მაშინ, ზუსტად ამ რეჟიმს უთხრა უარი და წელსაც იგივე ხალხი გამოვიდა როგორც 2012 წელს და თქვენ ნახეთ რიგები საარჩევნო უბნებში. თვითონ არ ამბობდნენ, რომ რიგები იყოო, ახლა რომ ამბობენ, რომ მიწერილია რამე, ამ რიგებში ცოცხალი ადამიანები არ იდგნენ? და ამ რიგებმა, ზუსტად ამ ადამიანებმა გაიმეორეს ეს შედეგი.


რაც მთავარია, ვხედავთ მათ განწირულ კამპანიას, მათ შორის, როდესაც დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით და ამას ჩვენ ცალკე ვამონიტორინგებთ და ვაკვირდებით, სადაც ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, უცხოური ორგანიზაციების თანამშრომლები არიან დაკავებული ზიზღის კამპანიით ამომრჩევლების წინააღმდეგ, იმის გამო, რომ მათი „ფრონცკული“ არჩევანი არ გააკეთა ქართველმა ხალხმა, და ის, რაც მათ ჰგონიათ საქართველო, „ფეისბუქის ბაბლიდან“ რომ ვერ გამოვიყვანეთ ეს ხალხი და მართლა რომ ეს ჰგონიათ საქართველო, თუ რა იყო საქართველო, დაანახა ძალიან კარგად და ახლა ამ მწარე რეალობას საკუთარი მარცხისა ვერ ეგუებიან.


კიდევ ერთხელ, მე მოვუწოდებ ყველას, დეზინფორმაციულ კამპანიას შეეშვან, თორემ, 2020 წელსაც და 21 წელსაც კი ნახეს საბოლოო ჯამში, რომ ყველაფერში დამარცხდნენ, ყველაფერში ტყუილი იყო და ზუსტად ასე ვამხელთ მათ ყველა ტყუილს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. შედგა საქართველოში დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა და ყველა ამ ვერდიქტს შეეგუოს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.