6-11-2024
ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა, არა მარტო ვისაუბროთ, არამედ ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და იმ ამბიციური პროგრამის შესრულებას, რომელიც წარვადგინეთ ქართული საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სამთავრობო გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
„მარტო ინფრასტრუქტურა რომ ავიღოთ, წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დაიგო და იყო ერთი გვირაბი, ერთი ხიდი. გვირაბის ჯამური სიგრძე, თუ არ ვცდები, 3,5 კილომეტრი იყო და ხიდის - დაახლოებით 2,5 კილომეტრი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 299 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა არის დაგებული. რაც შეეხება გვირაბებს, 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის მარტო გვირაბია აშენებული. ხიდები არის აშენებული ჯამში 20 კილომეტრზე მეტი სიგრძის. მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალი დააგეს წინა ხელისუფლების დროს, თან ეს იყო ამ მაგისტრალის ყველაზე მარტივი მონაკვეთი. ადამიანის უფლებების კუთხით იყო უმძიმესი მდგომარეობა ციხეებში, ადამიანების წამება, 2,5-ჯერ მეტი ადამიანი ჰყავდათ დაპატიმრებული, მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი რეალური ბრალდების გარეშე. ტელევიზიების მიტაცება, ბიზნესის რეკეტი, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგეს. ერთადერთი, რასაც გვაყვედრიდნენ, იყო გზების მშენებლობა და აქაც აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 5-ჯერ უფრო ეფექტიანია ჩვენი მუშაობა, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების პირობებში. როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალები ჯერ კიდევ იღებენ ჯამში ხმების დაახლოებით 30-35 პროცენტს, ეს ტრაგიკულია, თუმცა მთავარია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ 4 წლის თავზე მათი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, არა 60 ათასით, როგორც ეს მოხდა წინა არჩევნებთან შედარებით, არამედ კიდევ უფრო მეტად. მთავარია, საკუთარი დღის წესრიგით ვიმუშაოთ და ეს დღის წესრიგი არის ქვეყნის განვითარება. ამ 4 წლის განმავლობაში ძირითადად ვიქნებით გადართული სწორედ ამ საქმეების კეთებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.