6-11-2024
„ახალი", „ნაცმოძრაობა", „ლელო" და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც გარედან ხელმძღვანელობენ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას, იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ე.წ. „რებრენდინგი", ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეულიყო სხვა დასახელების მქონე პარტია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ქვეყანაში შედგეს სრულფასოვანი და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პოლიტიკური პარტია, ოპოზიციის რანგში, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით ჩანაცვლდება.
„ჩვენ ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავთ ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას შორის. მე ვფიქრობ, რომ რეალურად იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც გარედან ხელმძღვანელობენ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას, იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ე.წ. „რებრენდინგი", ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეულიყო სხვა ნომრიანი და სხვა დასახელების მქონე პარტია და, საბოლოო ჯამში, ეს მიზანი მიღწეულ იქნა. დღეს ნომერ მეორე პარტია საქართველოში ეწოდება არა „ნაცმოძრაობას", არამედ პარტია „ახალს", რომელიც გამოდიოდა არა 5 ნომრით, არამედ მომიჯნავე 4 ნომრით. თუმცა შინაარსით ეს არის ზუსტად იგივე პოლიტიკური პარტია, ისევე, როგორც „ლელო" და გახარიას პარტია. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა და ამას აქვს ერთი ყველაზე მარტივი ახსნა, ისინი ერთი ცენტრიდან იმართებიან. არავითარი განსხვავება არ არის სინამდვილეში ამ პოლიტიკურ ძალებს შორის, ისინი ზუსტად ერთნაირად უპირისპირდებიან ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს დავალება ჩვენი ქვეყნის ბედისთვის. ისინი ნებისმიერ ნაბიჯზე არიან წამსვლელები და, საბოლოო ჯამში, როგორც კი ეტყვიან, რომ უნდა გაერთიანდნენ, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მარტივად გაერთიანდებიან", - განაცხადა პრემიერმა.