7-11-2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ წიგნი-ალბომის „მედეა ღამბაშიძე პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის“ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ წიგნში გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ ეპოქის ისტორიას, იმდროინდელი ცხოვრების წესსა და ადამიანების შეხედულებებს სხვადასხვა საკითხის მიმართ.
,,თსუ ყოველთვის იყო და იქნება იმის მაგალითი, როგორ უნდა უპატრონოს ერმა საკუთარ ისტორიას. ეს წიგნი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპოქის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების ილუსტრაცია, “- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
გამოცემა ეძღვნება ქართული ემიგრაციის სახელოვან წარმომადგენელს მედეა ღამბაშიძეს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის) პირველი სტუდენტი გახლდათ. სწორედ მის სახელზე გაიცა 1918 წელს პირველი სტუდენტური ბარათი. მედეა ღამბაშიძემ მხოლოდ სამი სასწავლო კურსის გავლა შეძლო, ვინაიდან, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იძულებული იყო ოჯახთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა. მან ემიგრაციაში უაღრესად საინტერესო ცხოვრება განვლო.
თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, წიგნში მკითხველი გაეცნობა მედეა ღამბაშიძის ცხოვრებას, თსუ-ის 50 წლის საიუბილეოდ მომზადებულ სტატიას, ჩანაწერებს მისივე პირადი დღიურიდან, ასევე, საქორწინო მისალოც წერილებსა და დეპეშებს, პირველი ვაჟის, რეზიკოსადმი მიძღვნილ ემოციურ დღიურს, მეგობრების ჩანაწერებს, 1921 წლის ქართველი ემიგრაციის შთამომავალთა მოგონებებს მედეას შესახებ, ასევე, ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერით მომზადებულ „ქალთა მეხსიერების“ ზეპირი ისტორიების ციკლს.
წიგნში დაბეჭდილია მხატვრული ნაწარმოები: „პირველი თოვლი“, რომელიც მედეას ქალიშვილის, ნათელა ნიკოლაძის მოსაზრებით, დედამისს ეკუთვნის. მკითხველი, ასევე გაეცნობა მნიშვნელოვან ფოტომასალას, რომლის დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.
წიგნი-ალბომ: „მედეა ღამბაშიძე პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი“ - საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით გამოიცა. ღონისძიების ფარგლებში რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორი ლევან ჩიკვაიძე უნივერსიტეტის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე თსუ ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბის“ წევრებმა მედეა ღამბაშიძის დღიურები წაიკითხეს.